გიორგი ლეჟავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველზე დიდი ისტორიისა და გამორჩეული პროფესიონალიზმის მქონე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელი, ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე ვისწავლე, ჩემთვის ეს უნივერსიტეტი არის პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც დაგხვდებათ მაღალპროფესიონალიზმის მქონე ლექტორ-მასწავლებლები, რომლებიც მიმართულნი არიან სტუდენტების განვითარებასა და ცოდნის ამაღლებისკენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში არის ჰარმონიული გარემო, სადაც ერთმანეთს ერწყმის საუკუნოვანი საგანმანათლებლო ისტორია და ზომიერი თანამედროვეობა. აკადემიური პერსონალის საოცარი ურთიერთდამოკიდებულება კი სწავლას იმდენად აადვილებს, რომ ეს პროცესი სასიამოვნოდაც კი გეჩვენება.

ჩემთვის ცნობილი იყო იმ ხარისხიანი პროფესიული განათლების შესახებ, რომელსაც მივიღებდი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებით. დეტალური ინფორ-მაცია მქონდა იმ გარემოსა და სწავლის მაღალ ხარისხზე, რომელსაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, რაც პირველივე ლექციებიდან შევნიშნე. გარდა ამისა, თეორიული ცოდნის გარდა, სტუდენტს საშუალება ეძლევა პრაქტიკულ ცოდნასაც დაეუფლოს, რადგან ლექტორ-მასწავლებლები აქტიურად ატარებენ გასვლით ღონისძიებებსა და არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას საქართველოს სხვადასხვა მხარეში, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები ეცნობიან ამ მხარეების ისტორიულ ღირებულებებს, კულტურულ ძეგლებს, იქ მცხოვრებ ადამიანთა ყოველდღიურ თავისებურებებსა და ტრადიციებს.

სკოლის ასაკიდან გამორჩეულად მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით კი ისტორია, მქონდა სურვილი მიმეღო მონაწილეობა არქეოლოგიურ კვლევებში, მქონოდა შეხება ისტორიულ მეცნიერებასთან, რადგან სიღრმისეულად შემესწავლა ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორია და თუ შესაძლებლობა იქნება, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში და მთელ რიგ, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი საკითხების გაანალიზებაში.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2024 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელია.

პროფესიული განვითარების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია ჩემი საქმიანობის უწყვეტობა, რათა ყოველდღიური შეხება მქონდეს იმასთან, რაც ჩემი ცხოვრების გზად ავირჩიე, შესაბამისად, 2023 წლიდან ვმუშაობ ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგად ქუთაისის შპს N1 (გოქაძე) სკოლაში.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, საგანმანათლებლო სივრცე, მახარებს ჩემს პროფესიასთან ყოველდღიური შეხება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია და მათი დახმარება. თითოეული მოსწავლე არის ინდივიდუალური და მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მიდგომა, ინფორმაციის სწორად და გასაგებად მიწოდება.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი იმას, რომ დაფიქრდნენ კარგად, თუ რას უნდა დაუკავშირონ მათი ცხოვრება, რადგან პროფესიის არჩევა არის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი პროცესი, რადგან არასწორად არჩეულმა პროფესიამ შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი, ხოლო სწორად ნაპოვნი პროფესიით კი ბევრი წარმატების მიღწევა შეიძლება.

სწავლის პერიოდში სტუდენტის მხრიდან აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი აქტიური სტუდენტი.

საუნივერსიტეტო სივრცეში ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ ხელშეწყობასა და ყურადღებას უნივერსიტეტისგან, დეკანისგან, დეპარტამენტისგან, რაც ძალიან მეხმარებოდა და მეხმარება, იმაში, რომ ვყოფილიყავი აქტიური და შესაბამისი აქტივობა სრულფასოვნად განმეხორციელებინა.

უნივერსიტეტს ვურჩევდი გააგრძელოს ის გზა, რომელიც მან თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწყო, უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მიცემა სტუდენტებზე. ვისურვებდი, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარე, იმ გზით, რომლითაც შენარჩუნდება უნივერსიტეტის ისტორიული ღირებულებები.