აწსუ-ს კურსდამთავრებული ნიკა თოფურია

16-03-2018, 14:55
ნიკა თოფურია - სამედიცინო ინჟინერი.
ახლა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი ვარ და ვმუშაობ ევექსის ქსელის ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სამედიცინო ინჟინრის და დოზიმეტრისტის პოზიციაზე.
ვფიქრობ, განათლება ერთადერთი ხელმისაწვდომი და ლეგიტიმური გზაა თავისუფლების მოპოვების, თვითდამკვიდრებისა და თვითშემეცნებისთვის. კითხვები, რომლებიც განათლების პროცესში გვიჩნდება გვეხმარება განვითარებაში. განათლების მიღების გარეშე კითხვებიც და მისი პოტენციური პატრონიც იკარგება.
განათლება გაცილებით მრავალფეროვანი და ზოგადი ცნებაა, ვიდრე კონკრეტული პროფესია. ჩვენს პრაქტიკაში პროფესიული არჩევანი განათლების მთავარ ღერძად იქცევა, რომელზედაც გზადაგზა ვაშენებთ განსხვავებულ ცოდნას, შესაძლებლობას, უნარს... ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთება. ვინც ახლა დგას ასეთი არჩევანის წინაშე, გირჩევთ, სამ პრინციპულ კითხვას გასცეთ პასუხი: 1.რისი კეთება გინდათ; 2.რისი კეთება შეგიძლიათ; 3.რამდენად მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე ის, რის გაკეთებასაც გეგმავთ.
სახელმწიფო მეტწილად განათლებულ ადამიანებზე დგას. ასეთი ადამიანები ქმნიან მუხტს, მოტივს და განსაზღვრავენ მოძრაობის მიმართულებას.

მჯერა, თავისუფლებისკენ გზა განათლებაზე გადის!