აწსუ კურსდამთავრებული ნათია გურული

21-03-2018, 14:19
ნათია გურული - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრი და ახლა უკვე ამავე უნივერსიტეტში სამართლის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორია.
„საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ ჩავერთე პროექტში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - დმანისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას.
პროექტში მონაწილეობა მაგისტრატურაში სწავლის საფასურის დაფარვის შესაძლებლობას იძლეოდა და მეტწილად ამან განაპირობა ჩემი ამ საქმიანობით დაინტერესება. თუმცა მოგვიანებით, საგანმანათლებლო პროცესი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა რომ აკადემიურმა სივრცემ ძალიან მიმიზიდა. ჯადოსნურად მახსენდება ის გარემო რაც სკოლაში მქონდა. ცოდნის გაცემის და ემოციური უკუკავშირის მიღების პროცესში ნაყოფიერად ვგრძნობდი თავს.
ეს რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებთან ურთიერთობა სხვა საფეხურია. მე ახლა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში ვმუშაობ - საჯარო მოხელე ვარ, უნივერსიტეტში კი სამოხელეო სამართლის შესახებ ვკითხულობ ლექციებს. ცხადია, იმ საგნის შესახებ, რომელსაც ვასწავლი, პროფესიულ ფუნდამენტურ ცოდნას ვატარებ, მაქვს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაც. მნიშვნელოვან და ხანგრძლივ სამუშაოებს ვწევ ხოლმე სტუდენტებთან განსახილველი თემის წარსადგენად.ძალიან მიხარია, რომ სტუდენტებთან თანამშრომლობით, მათთვის ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება მეძლევა.
ერთი შეხედვით ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი ისწრაფვის განათლებისკენ, მშობლები ცდილობენ საკუთარ შვილებს უმაღლესი განათლება მისცენ, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს. ამ პრობლემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთ აუცილებლად არის ის, რომ ხშირად ადამიანები ერთხელ გაკეთებული პროფესიული არჩევანის საზღვრებში აღმოჩნდებიან, რომელთანაც ემოციური ბმა არა აქვთ. არა აქვთ მოტივაცია მეტად გაძლიერდნენ საკუთარ პროფესიაში.
არჩევანი შესაძლებლობაა. ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვაკეთებთ არჩევანს, - არ უნდა ვიფიქროთ, რომ პროფესიული არჩევანი მხოლოდ ერთხელ შეიძლება გააკეთო და ბოლომდე უერთგულო მას.
ვფიქრობ, ერთხელ გაკეთებული პროფესიულიარჩევანის კი არა, საკუთარი სურვილების და შესაძლებლობების ერთგულები უნდა ვიყოთ ადამიანები."