აწსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ მელაძე

21-03-2018, 14:21
მარიამ მელაძე - 26 წლის პროკურორი.
„როგორც ყველა ბავშვს სკოლის ასაკში მეც უამრავი სხვადასხვა პროფესია მიტრიალებდა თავში. სადღაც, მეცხრე კლასში გადავწყვიტე რომ იურისტი გავხდებოდი. პირველი კურსის ბოლოს დავრწმუნდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სხვადასხვა ტიპის პროფესიულ გამოცდილებას ვიღებდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ პროკურორად ვიმუშავებდი.
მესამე კურსზე საიაში დავიწყე მუშაობა - სასამართლო პროცესების მონიტორინგს ვანხორციელებდი. თავიდან, ჩემი ასაკის გამო ცოტა მერიდებოდა პროკურორების და მოსამართლეების საქმიანობას რომ ვუწევდი მონიტორინგს, თანაც, მათი ნაწილი ჩემი ლექტორი იყო. მაგრამ ეს უხერხულობა სწრაფად გადავლახე, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას შევიძენდი. მოგვიანებით, როცა პროკურატურის გამოცდები გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე. გამოცდაზე ძალიან მოუმზადებელი გავედი. რადგან პროცესების მონიტორინგს ვანხორციელებდი ჩავთვალე, რომ ყველაფერი ვიცოდი და ჩემი ზოგადი ცოდნით გავიდოდი ფონს. ასე არ მოხდა და მწარე, მაგრამ ძალიან საჭირო და დროული გაკვეთილი მივიღე.
შემდეგ იყო ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები და საიაში სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატად გადავედი. მოგვიანებით, კვლავ გამოცხადდა პროკურატურის გამოცდები, ისევ გავედი, ამჯერად მომზადებელი, წარმატებით გავიარე ყველა საკონკურსო პროცესი და ახლა სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში ვმუშაობ.
ერთხელ, პროცესი მქონდა ოჯახში ძალადობის საქმე იყო, ვითხოვდი პატიმრობას. ამ დროს დამსწრემ ,,სადისტი'' დამიძახა. რათქმაუნდა არ არის სასიამოვნო აგრესიის მიღება, მაგრამ ამ უარყოფით უკუკავშირს მტკიცედ რომ დახვდე ძალიან კარგად უნდა გქონდეს გააზრებული რას და რისთვის აკეთებ. პირველ რიგში ვიაზრებ იმას, რომ ჩემი თანამოქალაქეები საკუთარი უსაფრთხოების დასაცავდ იხდიან ფულს ჩემი შრომის ანაზღაურებისთვის. ზოგადად, პროკურორი ყველაფერს სახელმწიფოს სახელით აკეთებს და ის მუშაობისას არაა ვინმე კონკრეტული პიროვნება, ის სახელმწიფო ბრალმდებელია. შესაბამისად, მე სამუშაო პროცესში სულ მაქვს გნცდა, რომ სახელმწიფო საქმეს ვაკეთებ.
ხშირად მიწევს ახსნა, რომ პროკურატურის მიზანი ადამიანების დასჯა არაა. ძალიან ბევრს ვმუშაობთ დანაშაულის პრევენციასა და დამნაშავის რესოციალიზაციაზე. ამ მიზნით გვაქვს პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ - რომლის ფარგლებშიც ვსტუმრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრებით სხვადასხვა ტიპის დანაშაულსა და სასჯელების შესახებ. აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთნა.
ჩემს ბავშვობაში კრიმინალი ძალიან რომანტიზებული იყო, ახლა ასე არ არის, ახლა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს ვმართავთ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
უკვე ერთი წელია რაც პროკურორი ვარ. სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე მიმუშავია, მაგრამ ყველაზე დიდ გამოწვევად ოჯახში ძალადობა მიმაჩნია. ძალიან კომპლექსური და მრავალშრიანი პრობლემაა. ყველა ჩართული მხარე, როგორც მოძალადე ასევე მსხვერპლი რაღაც ფორმით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.
არსებობს ასეთი დამოკიდებულებაც, რომ ეს მხოლოდ ოჯახის კერძო პრობლემაა. თუმცა, შეუძლებელია, ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახში დარჩეს. ბავშვი, რომელიც ოჯახში ძალადობის პირობებში იზრდება, ზრდასრული, რომელიც ძალადობის მსხვერპლია რაღაც ფორმით აუცილებლად ჰპოვებს უარყოფით გავლენას საზოგადოებაზე.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალადობის მსხვერპლს ჰქონდეს დაცულობის განცდა, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მხარდამჭერია.
უამრავი ადამიანი საუბრობს საგანმანათლებლო სფეროს პრობლემებზე. მეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქს და ეს გამოწვევა დამოკიდებულებებს და წინასწარგანწყობებს უკავშირდება. ჯერ სკოლაში და შემდეგ კი უნიევრსიტეტში, თითქოს იმ განცდით ვსწავლობთრომ, ეს ეტაპი გასავლელია, ჩასამთავრებელია და განათლებას როგორც შესაძლებლობას ისე კი არ ვუყურებთ, როგორც სავალდებულო ეტაპს ისე გავდივართ.
ჩემი აზრით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოთხოვნა უნდა აიწიოს. სკოლასა და უნივერსიტეტში ძალიან მარტივია გამოცდებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მასწვალებელი/ლექტორი ბოლომდე ჩაგყვეს და შენი ცოდნის და წარმოდგენების ილუზიებში ჩარჩენის საშუალება კი არ მოგცეს, არამედ დაგანახოს რა იცი, რა არ იცი და რაზე გაქვს სამუშაო.“
#კურსდამთავრებული #აწსუკურსდამთავრებული