აწსუ-ს კურსდამთავრებული მაკა კაჭკაჭიშვილი

21-03-2018, 14:24
მაკა კაჭკაჭიშვილი - ზოგადი ენათმეცნიერების მაგისტრი.
მაკა 25 წლის ენთუზისტია, რომელმაც სამოქალაქო განათლების სასერთიფიკატო გამოცდები ჩააბარა და ახლა ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და არაფორმალური განათლების კოორდინატორია. იმავე საგანს ასწავლის თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაშიც.
„ვფიქრობ, სამოქალაქო ცნობიერების განვითარება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ როგორც საზოგადოება გავიზარდოთ, როგორც ერი შევდგეთ. ძალიან მომწონს, რომ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი მონაწილე და გამომწვევი ვარ.
გულწრფელად რომ ვთქვა, მიჭირს თერჯოლაში სიარული, გზა მღლის. მაგრამ მაშინ, როდესაც ამ დაღლილობას ვგრძნობ, ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნივერსიტეტში სწავლის დროს თბილისიდან ან ევროპის რომელიმე სხვა ქალაქიდან ლექციებზე ვიწვევდი, სტუდენტებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ალბათ, ბევრი ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი, თუ ისინი გრძელი გზის გამო მეტყოდნენ უარს ქუთაისში ჩამოსვლაზე. ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ ასეთ ხალხს, შენს ცხოვრებაში ყოფნის გამო, უბრალოდ სიტყვებით გადაუხადო მადლობა. მგონია, რომ ამ მადლიერებას, ყველაზე სამართლიანად, ჩემი საგნმანათლებლო საქმიანობით გამოვხატავ.
რამდენიმე წლის წინ მქონდა ეტაპი, როცა ყველაფრის კეთება შევწყვიტე, აღარაფერს ვაკეთებდი ჩემთვის ჩვეულს, არც საკუთარ განვითარებაზე ვზრუნავდი და აღარც - სხვა ახალგაზრდების. ამ დროს დამიკავშირდა ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მთხოვა გადაცემაში სტუმრად მისვლა და ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ საუბარი - ჟურნალისტს თავიდან უარი ვუთხარი, რადგან არაფერი მქონდა სათქმელი. არ მომეშვა, შემომთავაზა წარსული საქმიანობის შესახებ მესაუბრა. მეც დავთანხმდი და გამოვიდა გადაცემა, რომელშიც ყველა წინადადება წარსულ დროში იყო გაჟღერებული. არაფერი მქონდა ისეთი, რომლის შესახებაც აწმყოში ვისაუბრებდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, რაღაც ახალი უნდა დამეწყო და დავაფუძნე ორგანიზაცია - „ნეოფილების კლუბი“. ამ ორგანიზაციამ მაშინ გააერთიანა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის გაზიარების მზაობა მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.
საერთოდ, ვფიქრობ, ის რაც ერთს ეკუთვნის, განსაკუთრებით ინტელექტუალური სიკეთე, უნდა იყოს გავრცელებული, გაზიარებული."