აწსუ-ს კუსდამთავრებულები - ია ჩხეიძე

21-03-2018, 14:30
ია ჩხეიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახლა უკვე ასოცირებული პროფესორია.
„იმ უნივერსიტეტში სწავლება, სადაც თავად სწავლის გამოცდილება გაქვს კარგი შესაძლებლობაა. რადგან, როცა საგანმანათლებლო სივრცეს იცნობ, საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი მისი საშუალებები და ხარვეზები - ერთი რომ შეგიძლია თავად ამ ხარვეზებისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემო შესთავაზო და მეორე, ესეც რომ არ იყოს, სტუდენტს იმას მაინც უჩვენებ, რისი და რა ფორმით მოთხოვნის უფლება აქვს. ამიტომ, მე პროფესიული ცოდნის შეძენასთან ერთად სტუდენტების გააქტიურებაზეც ვმუშაობ. მჯერა, როცა მოთხოვნა იზრდება, იმატებს ხარისხიც.
უნივერსიტეტში სწავლებასთან ერთად ჩემს ძირითად სამუშაო დროს საქართველოს პროკურატურაში საქმიანობას ვუთმობ. საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკურ სამმართველოში ვმუშაობ, სადაც ანალიტიკურ საქმიანობას ვახორციელებ: ვამუშავებთ მონაცემებს, ვწერთ რეკომენდაციებს, ვააანალიზებთ დანაშაულის მატების მიზეზებს. უფრო კონკრეტულად, ახლა ჩემი საქმიანობა არასრულწლოვანათა განრიდება-მედიაციის პროგრამის კოორდინირებას უკავშირდება.
მე ახლა, ერთის მხრივ საგანმანათლებლო საქმიანობას ვახორციელებ და მეორეს მხრივ სწორედ იმ პროგრამაზე ვმუშაობ, რომელიც არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზეა ორიენტირებული.
განათლების როლი დანაშაულის შემცირებაში ძალიან დიდია. ცალსახად, მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ ადამიანებზე მუშაობა არ არის საკმარისი. ვფიქრობ, იმ საზოგადოებაში სადაც კარგი განათლების სისტემა აქვთ და განათლების პროცესსაც სერიოზულად ეკიდებიან მიმღებლობა გაცილებით მაღალი, ხოლო სწორ და არააგრესიულ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვი გაცილებით დაბალია.
10 წელია საგანმანათლებლო საქმიანობაში ვარ ჩართული. ყველაზე მეტად რის მატებასაც ყოველ შემდეგ თაობაში ვგრძნობ, ეს გამბედაობაა. აუდიტორიაში ვხვდები სტუდენტებს, რომლებსაც, მგონია რომ შეუძლიათ ქვეყანა გადაატრიალონ. მეც მინდა ამ „გადატრიალების“ მონაწილე ვიყო.
განათლების პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში იმდენი გამოწვევა გვაქვს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი მგონია.
ვინც ახლა აკეთებს პროფესიულ არჩევანს, ვურჩევ, კარგად მოუსმინოს საკუთარ თავს, აიღოს პასუხისმგებლობა და მოემაზდოს შეცდომებისთვისაც.
არ უნდა გვეშინოდეს შეცდომის, ის ძიების პროცესისი ნაწილია“.