აწსუ-ს კურსდამთავრებული - სალომე ხურციძე

21-03-2018, 14:31
სალომე ხურციძე - 24 წლის ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი.
“ინგლისური ენის სწავლა ბაღში დავიწყე და შემდეგ მასწავლებლების დახმარებით ენასთან ჩემი კავშირი ისე განვითარდა, რომ გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა და პროფესიად მექცია.
მახსოვს, როცა აბიტურიენტობის დროს ჩემი პროფესიული არჩევანის შესახებ ვსაუბრობდი, გაკვირვებას ვერ ფარავდნენ. #41 საჯარო სკოლაში, ფიზიკა - მათემატიკის სკოლაში ვსწავლობდი და ბუნებრივია, მოლოდინი ჰქონდათ რომ ტექნიკურ საგნებს გავყვებოდი.
ჩემს საუნივერსიტეტო განათლებას ვყოფ გაცვლით პროგრამამდე და შემდეგ პერიოდებად. ინგლისურ ენაში კარგი ფრაზა აქვთ - turning point, ასე იმ დროს უწოდებენ რომლის შემდეგაც სიტუაცია მნიშვნელოვნად და უკეთესობისკენ იცვლება. ზუსტად ამგვარად შევაფასებდი გაცვლითი პროგრამის გამოცდილებას.
ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამ პერიოდში კომპლექსურად იმდენი ღირებული რამ შევიძინე, რომ მათ შორის აკადემიური განათლება მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მე შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურა სხვა კულტურების გაცნობისას აღმოვაჩინე და შევიყვარე. ვაფასებ ჩემს კულტურას, ვხედავ კარგ და ცუდ მახასიათებლებს. აბსურდულია ქართველების ნაწილის შიში იმის შესახებ რომ ვიღაც მათ იდენტობის წართმევას უპირებთ, ვიღაც მათ ჩაყლაპვას ცდილობს. აქამდე 10 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და დამატებით კიდევ 100 რომ ვნახო მაინც იდენტიფიცირებას საქართველოსთან მოვახდენ. ამასთან, პატივს ვცემ სხვა ქვეყნების კულტურებს და მინდა მათი წარმატებული მაგალითები და გამოცდილებები გავიზიაროთ.
ხშირად ვფიქრობ რა იწვევს „უცხოს“ მიმართ აგრესიასა და შიშს. მგონი, ეს გამოცდილების და ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული და განსხვავებულის მას ეშინია, ვისაც ყველაზე ცოტა აქვს ნანახი. უნდა მოვინდომოთ და როგორც ერმა, საკუთარ თავში ეს მიუღებლობა დავძლიოთ. ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება მრავალფეროვნების ძიებაა. ადამიანის ბუნებაც ხომ სინამდვილეში ასეთია, ერთფეროვნებას გაურბის და მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვის. ალბათ, მიმღებლობის გასაღებიც ამაშია - საკმარისია უბრალოდ ჩვენს ბუნებას არ შევეწინააღმდეგოთ.
ახლა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბაკალავრსა და მაგისტრატურას შორის ერთი წელი ტაიმაუტი ავიღე. ამ დროის განმავლობაში არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების განვითარებაზე ვმუშაობდი არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში. განათლების პროცესით ისე დავინტერესდი, გადავწყვიტე, ფორმალური განათლების ადმინისტრირება სიღრმისეულად შემესწავლა. ვეცნობი განათლების პოლიტიკას, სისტემას და სტრუქტურას, ორგანიზაციულ ქცევას, კვლევებს, ეკონომიკას და განათლების სამართალს. მომავალში მინდა მაღალი ხარისხის განათლების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობა მივიღო. ამჟამად, არაფორმალური განათლების სფეროში, გოგონა სკაუტების მოძრაობაში ვარ ჩართული.
ვფიქრობ, ცოდნის გაზიარება განვითარების უალტერნატივო საშუალებაა. განათლების გამავრცელებლები დაუშურებლად უნდა აზიარებდნენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. რომ შევადაროთ, აი, სიბნელეში მყოფს სანთელი რომ გქონდეს, სინათლის გავრცელებას მხოლოდ მისი და დანარჩენი სანთლების ანთებით თუ შეძლებ, დაკარგვით კი არაფერს კარგავ, მხოლოდ სიბნელეს”.