აწსუ-ს კურსდამთავრებული - ნათია ნამიჭეიშვილი

21-03-2018, 14:32
ნათია ნამიჭეიშვილი
“უნივერსიტეტში სწავლის დროს სკოლაში დავიწყე მუშაობა. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სამართალმცოდნეობას ვასწავლიდი ბავშვებს.
ჩემს ,,დიდი ოჯახში“ ბევრ მასწავლებელია, ამიტომაც როცა ჩემი პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად ვემზადებოდი, ბუნებრივია, მათგან საჭირო რჩევების მიღების მოლოდინი მქონდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რეცეპტების ჩამორიგებას არვინ აპირებდა.
გადავწყვიტე, იმ მოთხოვნებით მეხელმძღვანელა, რაც თავად, როგორც მოსწავლეს მქონდა.
კარგად მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი და გაჟღერებული ფრაზები: „აუუ, ეს უნდა იყოს ჩვენი მასწავლებელი? - ამას ნახე რას ვუზამ; ეეე, ახალი კლასელი გვყავს კლასში?“ .... მოკლედ, პირველი გაკვეთილი ჩემზე, მხოლოდ 4-5 წლით უმცროს ადამიანებთან ჩავატარე სკოლაში, სადაც მე თვითონ მივიღე საშუალო განათლება.
ჯამში, კვირაში 3 საათს ვმუშაობდი და ჩემი ყოველთვიური ხელფასი 3 ლარი და 30 თეთრი იყო.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სკოლაში ჩემი საათობრივი დატვირთვაც გაიზარდა. ავიღე ისტორია-სამართლის გაკვეთილები და გამამწესეს იმ კლასის დამრიგებლად, რომლისთვისაც რიგით მერვე დამრიგებელი აღმოვჩნდი 
ზარი რომ დაირეკებოდა ჩემს სადამრიგებლოში მასწავლებლებს გაკვეთილზე მოსწავლეების ნახევარი ხვდებოდა. მაგრამ, მეც ხომ იმ სკოლის კურსდამთავრებული ვიყავი, ყველა სამალავს ვიცნობდი და გაკვეთილზე დასასწრებად ასეთი ,,სამალავებიდან“ გამომყავდა მოსწავლეები.
2000 წელს მოვხვდი ჩემს პირველ ტრენინგზე. ფონდ ღია საზოგადოება საქართველო ამ დროს ახორციელებდა პროექტს „დებატები ღია საზოგადოებისთვის“. პირველივე წუთებიდან გავაცნობიერე ამ პროექტის მნიშვნელობა. ტრენინგიდან დაბრუნების შემდეგ სკოლის დირექტორს შევთავაზე სკოლაში დებატების კლუბის შექმნა. დირექტორმაც მხარი დამიჭირა და დავაარსეთ კლუბი. ახლა როცა არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი და სამუშაო პროფილი ასეთი მრავალფეროვანი გახდა, ცოტა რთულია სკოლაში ერთი კლუბის ჩამოყალიბების მასშტაბი ნათლად წარმოიდგინოთ, მაგრამ ეს ის პერიოდია, არაფორმალურ განათლებას რომ თამაშად, დროის კარგვად აღიქვამდნენ და მის მიმართ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი.
2002 წელს განათლების რეფორმა დაიწყო, განათლების სამინისტრომ ტრენერების კონკურსი გამოაცხადა - ჩემთვის ეს უკვე ის პერიოდია, როცა ჩემს სფეროში ყველა გამოცხადებულ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას და არ მახსენდება კონკურსი, რომელიც წარმატებით ვერ გავიარე. წარმატების მთავარი გასაღები კი იყო ენთუზიაზმი, რომლითაც საქმეს ვუდგებოდი. არ ვტოვებდი არცერთ პროგრამას, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ახალ უნარებს შევიძენდი, რომელსაც მომავალში პრაქტიკაში გამოვიყენებდი.
მოგვიანებით, როდესაც სკოლის დირექტორების კონკურსი გამოცხადდა, მეც გავაკეთე განაცხადი. ეს კონკურსიც წარმატებით გავიარე და იმავე სკოლაში დირექტორის პოზიცია დავიჭირე.
როცა განათლების რეფორმა დაიწყო, ყველაზე ინტენსიურად სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობდით. ვცდილობდით, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნას და სასკოლო მიკროკლიმატის ცვლილებას. დასაწყისში, როცა სასკოლო გარემოს იგებდნენ, ეგონათ მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები იგულისხმებდა, არადა სასკოლო გარემო ერთდროულად არის, როგორც ფიზიკური გარემო: მერხი, დაფა, სკამი, საკლასო ოთახი ისე - ადამიანები, განწყობები, დამოკიდებულებები, მიდგომები.
შეფასების ინსტრუმენტებს ვაცნობდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებსაც. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელს, რომელიც შენი პარტნიორი უნდა იყოს ბავშვის განათლებაში, ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს თუ რას აკეთებს სკოლა, რა გზებს და საშუალებებს იყენებს განათლებისთვის.
მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში გაიზარდოს, სამწუხაროდ, მშობლების ნაწილი სკოლას ბრმად მიანდობს ხოლმე მოსწავლეებს.
ჩვენ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, არსებობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ამ ფუნდამენტურ დოკუმენტებზე დაყრდნობით მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდეს დღევანდელი და იმ დროის სკოლა როცა მე ვსწავლობდი.
მასწვალებლისთვის მთავარი სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა იყოს. ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებლისთვის არის შედეგი, რომელიც უნდა მიაღწიოს სამუშაო წლის დასრულებისას. ხოლო ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი განსაზღვრავს, თუ რისთვის უნდა იმუშაოს სკოლამ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
8 წლის განმავლობაში ვიმუშავე სკოლის დირექტორის პოზიციაზე, თუმცა ბოლო წლებში უკვე ვაცნობიერებდი, რომ ჩემი საქმიანობა ამ პოზიციაზე ეფექტური აღარ იყო, საქმე რუტინად მექცა, ვფიქრობდი, რომ გარემო რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდა, თუმცა ამ ტიპის საგანმანათლებლო სისტემაში სახელწმიფოს მხარდაჭერის გარეშე ცვლილებების გამოწვევა რთულია.
გადავინაცვლე არასამთავრობო სექტორში - „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში“ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი სამსახურით. მომწონს რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილი სწორად შევარჩიე. ეს არის ადგილი სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, განვითარდი და ეს ახლაც გრძელდება.
ორგანიზაციის საქმიანობის არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია, მახსოვს პირველ ეტაპზე რვა სხვადასხვა მიმართულების პროექტის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა როცა ავიღე, ვიფიქრე, რომ ჩემთვის ერთდროულად რვა სკოლის მართვა გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუმცა ცხადია ამ პროექტებსაც წარმატებით გავართვი თავი.
2009 წელს ამერიკაში სასწავლო ვიზიტით ვიყავი, ბევრ სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ერთად იქ გავეცანი ინტერაქტიული ექსკურსიების როლს. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ერთვებოდნენ და ინტერესდებოდნენ ბავშვები იმით, რასაც გიდი მოუთხრობდა მათ. სამწუხაროდ საქართველოში ექსკურსიებს შემეცნების საშუალებად არ იყენებენ. მახსოვს, ერთხელ მუზეუმში ვიყავით და გიდმა გადაწყვიტა რომ ყველა წვრილმანი დეტალი ზედმიწვენით მოეთხრო. რაღაც მომენტში, მოსმენა მოსაბეზრებელი გახდა და თან ცოტა დრო გვქონდა. როცა ვთხოვეთ სათქმელი შეემოკლებინა, იუკადრისა. სინამდვილეში კარგ ექსკურსიამძღოლს უნდა შეეძლოს მსმენელი განწყობის, ინტერესის გაგება და მასზე ადეკვატურად რეაგირება.
სამწუხაროდ, საქართველოში ექსკურსიებს შემეცნების ფუნქცია პრაქტიკულად არა აქვს. ის უფრო სპონტანურ ხასიათს ატარებს. არადა, ექსკურსიებით შეიძლება ისეთი უნარები შესძინო მოსწავლეებს და ისეთი რამ აღმოაჩენინო, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს.
როდესაც განათლების სისტემის პრობლემებზე ვსაუბრობთ, უსამართლობაა, მხოლოდ მასწავლებლების კვალიფიკაციას მივაწეროთ ის პრობლემები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებშია. საგანმანათლებლო სისტემაში რაიმე რომ შეიცვალოს ამას სჭირდება პოლიტიკის დონეზე სისტემური ცვლილება. ჩვენს ქვეყანაში მთავრობებთან ერთად იცვლება განათლების პოლიტიკაც. ვფიქრობ, საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიკა ინსტიტუციურად ისეთი მყარი უნდა იყოს, რომ სამთავრობო ცვლილებებმა მასზე გავლენა ვერ იქონიოს, დროა შევთანხმდეთ პრინციპულ საკითხებზე, ხედვებსა და სტრატეგიებზე.
ყველას, ვინც საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული უნდა ახსოვდეს, რომ დამოუკიდებლად გამართლება და იღბალი ბევრს ვერაფერს შეგვძენს. შეიძლება, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდე, მაგრამ, მოცემულ შესაძლებლობებს გონივრულად გამოყენება სჭირდება, რაც მჯერა, მხოლოდ კარგი განათლებით და შრომითაა შესაძლებელი“.