აწსუ-ს კურსდამთავრებული - თათა კაჭკაჭიშვილი

21-03-2018, 14:34
თათა კაჭკაჭიშვილი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს დავამთავრე ჟურნალისტის სპეციალობით.
ჩემი პროფესია, ისევე როგორც სხვა უამრავი, მუდმივ განვითარებას მოითხოვს, მისთვის არასაკმარისია ერთ, რომელიმე ეტაპზე მიღებული ცოდნა. ცვლილებები და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ჟურნალისტის მუდმივი მდგომარეობა უნდა იყოს.
ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვსწავლობდი, ახლადშექმნილ, ადგილობრივ მედიასაშუალებაში „მთავარი გაზეთი იმერეთში“ დავიწყე მუშაობა. შემდეგ იყო რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს, მათ შორის „რეზონანსი“; რადიო „ფორტუნა“ და ინტერნეტგამოცემა „Media.Ge”. ორი წლის განმავლობაში კი პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სტატიებს ვამზადებდი „ ახალი გაზეთისთვის“.
2010 წლიდან ვარ,” რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების” ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი. ბეჭდვურ, ონლაინ და რადიო საშუალებებში მუშაობამ, 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის გამოცდილება დამიგროვა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თავისებურად საინტერესოა და გარკვეულ უნარებს მოითხოვს, თუმცა მაინც მგონია, რომ პროფესიონალიზმი სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობაა, და ეს თვისებები დროთა განმავლობაში იხვეწება და ვითარდება.
ვთვლი, რომ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას პიროვნული ზრდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ყველა ასაკში საკვების მსგავსადაა საჭირო.
ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას ზუსტად უნდა იცოდნენ, რა სურთ, რატომ და რამდენად სწორად. პროფესია მხოლოდ შეძენილი უნარები არ არის, ეს ემოცია და შინაგანი ქიმიაა, რომლის სწავლა შეუძლებელია. ადამიანს ალბათ, ანალიზის უნარი ეხმარება ზუსტად განსაზღვროს რა სურს, თუმცა აუცილებელია რისკიც. ამასთან, ახალი და სხვადასხვაგვარი პროფესიის შეძენაც თანამედროვეობის გამოწვევაა და საკუთარი თავის ძიებაში შესაძლოა, რამდენიმე პროფესიის დაუფლება მოგვიწიოს. მთავარია პროფესია ტვირთად არ იქცეს, ეს უნდა იყოს საქმიანობა, რომელიც ერთდოულად სასურველიცაა და საინტერესოც.
განათლების მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტის ეფექტურობას, მხოლოდ კარგი ლექტორი ვერ განსაზღვრავს. ტექნიკური ბაზა და მოტივირებული სტუდენტი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი. საუნივერსიტეტო ცხოვრება, თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკული უნარ– ჩვევების გამომუშავებასაც უნდა გულისხმობდეს, რადგან ერთი მეორის გარეშე, არასრულყოფილი განათლებაა. დღემდე მახსოვს, ჩემი ერთ –ერთი ლექტორის ფრაზები ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ ჟურნალისტი არასოდეს უნდა „გაიყიდოს“. იმდენად ხშირად და არგუმენტირებულად გვისაბუთებდა, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით ჩვენს თავზე უკეთესები, ის შემართება და პათოსი ამ დრომდე მომყვება. ფანტასტიურია, როცა ლექტორი კარგი ორატორია, მოაზროვნეა, სანდოა, სწორი ფასეულობები აქვს და ის, ამ ყველაფერს გიზიარებს.
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეუნები ჩემს თავს არის „უნდა“ - უცნაურია, მაგრამ, ეს სიტყვა ყველაზე ნაკლებად მიყვარს".