აწსუ-ს კურსდამთავრებული - ნინო ხუხუა

21-03-2018, 14:37
ნინო ხუხუა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი.
„უნივერსიტეტში სწავლის დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გავდიოდი სტაჟირებას - იურიდიული დახმარების სამსახურში იურისტის თანაშემწედ ვმუშაობდი. სტაჟირების შემდეგ ორგანიზაციაში საქმიანობა გავაგრძელე. სხვადასხვა პროექტში იურისტის პოზიციაზე ვმუშაობდი. იყო ეტაპი, როდესაც საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩავერთე და საკანონმდებლო ორგანოში საიას სახელით განსახილველ კანონპროექტებე ვაფიქსირებდი მოსაზრებებს.
პარლამენტში საქმიანობის შემდეგ სამუშაოდ საიას ზუგდიდის ოფისში გადავედი. ზუგდიდში სამუშაოდ გადასვლა ჩემთვის ერთის მხრივ საინტერესო და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რადგან ორგანიზაციას სამეგრელოში ოფისის გახსნის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა ის მდგრადად ვერ განვითარდა. სირთულეები და ზოგადად გამოწვევები მხიბლავს. მივიღე ეს გამოწვევა და ზუგდიდში ჩემს გუნდთან ერთად შევქმენი ოფისი, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
სხვადასხვა პოზიციაზე, ჯამში, 6 წელი ვიმუშავე საიაში.
ახლა „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ეს არის ევროპული ორგანიზაცია, რომელიც 10 წელია რაც საქართველოში საქმიანობს. ორგანიზაციის მთავარი ოფისი ქუთაისში არის და მისი ადგილმდებარეობა ორგანიზაციის პრინციპული სტრატეგიითაა განპირობებული.
ჩვენი ორგანიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, აძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, ხელს უწყობს დემოკრატიული რეფორმების, ახალი და ინოვაციური მიდგომების განვითარებას საქართველოში.
ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტორებთან ვთანამშრომლობთ. გამოვყოფდი მოქალაქეებთან შეხვედებს, რომელიც ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად ძალიან დატვირთულია. ვცდილობთ გავზარდოთ სამართლებრივი ცნობიერება მოსახლეობაში და მათი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჩვენი კოორდინირებითა და მოქალაქეთა ჩართულობით არაერთი პრობლების ადვოკატირება და ლობირება მომხდარა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რაც ნამდვილად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში მოქალაქეების ნაწილი საერთო პრობლემაზე ზრუნვის საჭიროებას ვერ ითავისებს და ადგილობრივი თვითმმართველობასთან უფრო აქტიურად პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად თანამშრომლობენ.
ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლზე და ზოგადად აქტიური მოქალაქის მნიშვნელობაზე უფრო მეტად უნდა კეთდებოდე აქცენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა გაიზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა.
ამიტომ ყველა აქტორმა- საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებიდან მის ღირსეულ განხორციელებამდე“.