აწსუ-ს კურსდამთავრებული - თიკო ციცქიშვილი

21-03-2018, 14:44
თიკო ციცქიშვილი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი
“სკოლაში სწავლისას, დირექტორის ორგანიზებით, ხშირად ტარდებოდა იმიტირებული სასამართლო პროცესები. არცერთ პროცესს ჩემი მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია. ზოგადად აქტიური მოსწავლე ვიყავი, თან სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და სამეურვეო საბჭოს წევრი.
სკოლის დამთავრებისას, როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი დავფიქრდი რა გამომდიოდა ყველაზე კარგად. აღმოჩნდა სხვა ყველაფერთან ერთად ერთ-ერთი გამორჩეული ჩემთვის საინტერესოდ ლაპარაკი იყო, ხოდა ჩავაბარე სამართალმცოდნეობაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უნარ-ჩვევებთან ერთად აღნიშნული უნარის ქონაცაა.
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ სასამართლო მონიტორინგის კუთხით დავიწყე მუშაობა, საიდანაც პირველი აქტიური შეხება მქონდა სასამართლოსთან და უკვე მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვაკანსია გამოცხადდა კანცელარიაში სპეციალისტად და გასაუბრების შემდეგ დავიწყე კიდეც მუშაობა. ორ თვეში გადავედი სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიციაზე. 2018 წლიდან კი უკვე მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას ვასრულებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
პროფესიის შესწავლას უნივერსიტეტიდან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების შეძენით ვცდილობდი. სტუდენტი მუდმივად უნდა ეძებდეს განვითარების გზებს. ჩემთვის პროფესიული გამოცდილების შეძენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცდელობა იურიდიული კლინიკაში საქმიანობას უკავშირდება, სადაც გარდა იმისა, რომ ღირებულ ინფორმაციასა და პრაქტიკას გვიზიარებდნენ, სტუდენტები სამართლის თემაზე თავად ვატარებდით ტრენინგებს, სხვა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.
საუნივერსიტეტო ცხოვრების დროს უამრავ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. ყველაზე წარმატებულად მახსენდება The Judicial Independence and Legal Empowerment Project (JILEP), USAID-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგი და შემდეგ კონკურსი ადვოკატირების უნარ-ჩვევებში სტუდენტებისათვის. ჩვენი უნივერსიტეტიდან გოგოების გუნდით ვიასპარეზეთ. ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ილიას უნივერსიტეტს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მოვუგეთ, მოგვიანებით კი ფინაშლი თავისუფალ უნივერსიტეტს შევხვდით და მათზე მოვიპოვეთ გამარჯვება.
ამ ტიპის მცირე გამარჯვებები პროფესიასთან ემოციურ კავშირს მნიშვნელოვნად ამყარებს.
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვამაყობ ამჟამინდელი საქმიანობით.
სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვნად, სწორედ სასამართლოზე დგას.
მიხარია, რომ ჩემი საქმიანობა ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სამომავლოდ რა თქმა უნდა ვფიქრობ პროფესიულ განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას".