აწსუ-ს კურსდამთავრებული - თინა კუპრაშვილი

21-03-2018, 14:45
თინა კუპრაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლის ამერკათმცოდნეობის მაგისტრი. თინა საქართველოს უნივერსიტეტში კვლევისა და განვითარების ცენტრის მენეჯერი და ამავე უნივერსიტეტში მმართველობის სკოლის ლექტორია.
„ჩემი პროფესიული არჩევანი ენისა და ლიტერატურის მიმართ სიყვარულს აერთიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროფესიამ მომცა არის ფუნდამენტური აკადემიური ცოდნა. ამავდროულად, უნივერსიტეტმა სწორად მიმანიშნა იმ სფეროებზე, რომელშიც აკადემიური განათლება ვეღარ შეაღწევდა - მე შენ გაძლევ საბაზისო ცოდნას, ძალიან სწრაფად ვითარდება სამყარო და იზრუნე თვითგანვითარებაზე.
ვფიქრობ, განათლება არჩევანია. მარტივია, უნივერსიტეტში გაქვს კონკრეტული დავალება, რომელიც უნდა აითვისო. შენზეა, მხოლოდ იმას ისწავლი, რასაც უნივერსიტეტი გისაზღვრავს, თუ იმ ინტერესების განვითარებასა და დაკამყოფილებაზეც იზრუნებ, რასაც ახალი ინფორმაციის მიღებით გიღვივებს. ცხადია, უნივერსიტეტმა უნდა შეგძინოს ამ ძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც, უნდა გიჩვენოს უამრავი რაოდენობრივი ინფორმაციიდან თვისებრივის გამორკვევის გზები.
განვითარებისკენ მუდმივ ლტოლვას კი ალბათ მაინც პიროვნული ფაქტორები განაპირობებს, როგორებიცაა: ემოციური ინტელექტი, ამბიციურობა, დამოკიდებულება პერფექციონიზმისადმი.
საბაკალავრო საფეხურის დასრულებისთანავე, მაგისტრატურაში სწავლა ამერიკათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე განვაგრძე. ახლა, ეს გადაწყვეტილება ისე მახსენდება, როგორც ინერციული გაგრძელება. მაგისტრატურაში სწავლის მთავარი მოტივი კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილება და თვისობრივი ცოდნის შეძენა უნდა იყოს. ჩემთვის ეს სამაგისტრო პროგრამა გაცილებით ეფექტური და მრავლისმომცემი იქნებოდა გაცნობიერებულად რომ ჩამებარებინა. თუმცა, უნდა ითქვას, თავად პროგრამა მშვენივრად იყო შედგენილი და პრაქტიკულად, ჩემი იმ დროის ყველა ინტერესი დააკმაყოფილა.
საერთოდ, ჩემი აზრით 3 მიზეზის გამო შეიძლება იღებდნენ ადამიანები განათლებას:
1.განვითარება - არიან ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებენ. უნდათ გახდნენ, მეცნიერები, მკვლევარები და ეს საგანმანათლებლო საფეხური სჭირდებათ. რატომაც არა, ძალიანაც კეთილშობილი მიზანია;
2.ტენდეცია - საზოგადოებაში მიღებული ქცევის მოდელი. არსებობს ელიტალური პროფესიები. იმისთვის რომ ჩაითვალო მისაღებად, წარმატებულად განსაზღვრულია კონკრეტული პროფესიები, სწავლის საფეხურები და ადამიანთა გარკევული ნაწილი ამ საზოგადოებრივ ტრენდულ დაკვეთებს პასუხობს.
3.დასაქმების ბაზარი - რომელიც, ალბათ, ყველაზე დიდი მამოძრავებელი ბერკეტია. ძალიან ცოტაა დამსაქმებელი და ბევრია კვალიფიციური კადრი და ლამის ბუნებრივი სელექციით ხდება პროფესიონალების გადარჩევა. დასაქმების შანსი რომ გაგეზარდოს სულ მცირე, ის მაინც უნდა სცადო, რომ სხვაზე უკეთესი განათლება გქონდეს.
ზოგადად კი, ძალიან რთულია პროფესიული არჩევანის გაკეთება.
აი, მე ვისწავლე ბაკალავრიატში, ვისწავლე მაგისტრატურაში და 8 წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ დავბრუნდი განათლების მისაღებად აკადემიურ სივრცეში. დიდი დრო დამჭირდა იმ სფეროს საპოვნელად, რომელზედაც ვიტყოდი, რომ აი, მე ამ პროფესიასთან ვნება მაკავშირებს.
ახლა საჯარო პოლიტიკას ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და საჯარო პოლიტიკის სფეროში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას.
მიმუშავია, როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურსა და კერძო სფეროშიდაც. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, უდავოდ, საჯარო სამსახურში საქმიანობას უკავშირდება. სწორედ, აქ გავაცნობიერე, რას ნიშნავს იყო გუნდის წევრი, გქონდეს მაღალი პროფესიული ეთიკა და კორპორატიული პასუხისმგებლობა.
თუ გინდა უწყვეტად იზრუნო საკუთარ თავზე - ამის გზა განათლებაშია.
გარდა ვიწრო პროფესიული კუთხით, უწყვეტი განათლება მნიშვნელოვანია თანამედროვე უნარების შეძენის მიზნითაც. მოსახლეობის გარკევულ ნაწილი ფლობს ღირებულ ინტელექტუალურ რესურსს, მაგრამ მათ არა აქვთ თანამედროვე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ეს მათ რესურსს ხდის აბსოლიტურად ხელმიუწვდომელს. დღეს იმდენად არის თანამედროვე ტენქოლოგიები ყოველდღიურ სფეროში, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ვერ ახდენს საკუთარი ცოდნის მოწოდებას. ერთის მხრივ, ეს არის ის რესურსი რაც არ უნდა დაიკარგოს და მეორეს მხრივ, ეს არ არის იმ სირთულის ცოდნა, რომლის შეძენასაც ვერ შეძლებდნენ.
მუზეუმის ექსპონანტის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი ინახებოდეს მუზეუმში, თუმც მის მიმართ ინტერესის გამოწვევას სჭირდება საინტერესოდ შეფუთვა. ასეა განათლებაზეც, რაც არ უნდა დიდი ცოდნის მატარებელი იყოს ადამიანი, თუ არ მოერგე, არ აუწყვე ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს, გაგიჭირდება შენი პოტენციალის ჩვენება სხვებისთვის”.
#აწსუ #კურსდამთავრებული #აწსუსკურსდამთავრებული