აწსუ-ს კურსდამთავრებული - უტა კილასონია

2-04-2018, 12:36
უტა კილასონია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

„უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლიდი, მოგვიანებით კი მოღვაწეობა გავაგრძელე STEM -ის სფეროშიც.
სტემი (STEM) მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის ერთობლიობაა. მომავალში ტექნოლოგიები ისე განვითარდება, რომ ბევრი პროფესია უბრალოდ აღარ იარსებებს. ამ დროისთვის ყველაზე ღირებული, შემოქმედებითი და გამომგონებლობითი უნარი აღმოჩნდება, სწორედ ამ მოცემულობისთვის მომზადებას ემსახურება STEM სწავლება.
ახლა ვთანამშრომლობ სენაკის, ქუთაისის, ბათუმისა და მარტვილის კერძო სკოლებთან. STEM-ის შესახებ ცოდნას ვუზიარებ მოსწავლეებს და მათთან ერთად ჩემი წვლილი შემაქვს ისეთი თაობის აღზრდაში, რომელიც მომავალში იქნება შემქმნელი და არა მარტო მომხმარებელი. საბოლოოდ კი ეს სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად განვითარებას გამოიწვევს.
სკოლაში მუშაობა ისე დავიწყე რომ მასწვალებლის როლის შესახებ მწირი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ კოლეგების დახმარებითა და პრაქტიკით მოვახერხე ამ შედეგამდე მისვლა, რაზეც მეტყველებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრა.
მუდმივად ვცდილობ ხელი შევუწყო მოსწავლეებში მოქალაქეობირვი პასუხისმგებლობის გამომუშავებასა და გაზრდას. გასულ წელს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ, მეწყერსაშიში ზონებისთვის სპეციალური მოწყობილობა შევქმენით, რომელიც სტიქიური მოვლენების ზიანის თავიდან აცილების საშუალებაა. აქვე უნდა აღინიშნის, რომ ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებულ ჰაკათონში გრანპრი მიიღეს და მაიკროსოფტისგან გადაეცათ ლეპტოპები.
ასევე წარმატებული აღმოჩნდა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მოსწავლეების გამოგონებაც - მანძილის მზომი რობოტი.
ზოგადად, საქართველოში სკოლის მოსწვალეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების დაძლევა ძალიან უჭირთ. როგორც წესი, ამ პრობლემაზე საუბრისას რესურსებისა და სათანადო ტექნიკით აღჭურვის ნაკლებობაზე მიუთითებენ, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების სიმცირეც, თვით უნივერსიტეტებშიც კი.
იმის ილუზია არა მაქვს, რომ სტემის ყველა მოსწავლე გამომგონებელი გახდება, თუმცა, მჯერა, ამ მიდგომით მოსწავლეები ზოგადად შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეძლებენ".