ნუგზარ კოხრეიძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

28-02-2019, 16:10
სიკეთე ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვამბობ: “იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის”. ეს ორგანიზაციის დევიზი, (რომელიც სამმა ადამიანმა დავაფუძნეთ) ცხოვრების დევიზი გახდა.
1997 წელს მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, ყაზახეთიდან სამშობლოში დავბრუნდი. ბოლო ორი კლასი მე-13 საშუალო სკოლაში დავამთავრე. სახელმწიფო გამოცდების დროს, გავიცანი კომისიის თავმჯდომარე ირაიდა კროტენკო. მან მიამბო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის შესახებ. მე და ჩემი და ერთად მოვეწყვეთ უფასო ფაკულტეტზე, დავამთავრეთ ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც.
უნივერსიტეტის პარალელურად 2005 წელს ირაიდა კროტენკოსთან და ნონა ბობოხიძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”. დღეს, უკვე ერთ-ერთმა ძლიერმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ თავისი პირველი ნაბიჯები სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კედლებში აიდგა ფეხი. მოგვიანებით, გაფართოებასთან ერთად დამოუკიდებლად განაგრძო განვითარება.
2007 წელს ჩემი მეგობრის ირინა ტყეშელაშვილის რეკომენდაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (დღეს, გაეროს მიგრაციის სააგენტოს) ქუთაისის ოფისში დავიწყე მუშაობა და მოგვიანებით მისი კოორდინატორი გავხვდი. 11 წელი ვიმუშავე აღნიშნულ ორგანიზაციაში და ვთვლი, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ მიგრანტებისთვის.
დღეს, კვლავ RICDOG- ს დავუბრუნდი და ბევრს სხვა საქმიანობას ვეწევი.
ვარ ტრენერი, ქოუჩი, ფასილიტატორი. ვატარებ ტრენინგებს პიროვნულ განვითარებაში, დასაქმების ტექნიკებში, დროის მართვაში, ფინანსურ განათლებაზე. მაქვს გამოგონილი მრავალი სამაგიდო და გარე თამაშები, სავარჯიშოები და ტრენინგებისთვის დამხმარე მეთოდოლოგიები.
ვაგრძელებ სწავლას და ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დოქტურანტურის მეორე კურსის სტუდენტი. გარდა ამისა, ვსწავლობ პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში (მოსკოვი) დისტანციურად.
ამავე დროს, ვარ აქტიური სხვადასხვა მიმართულებით: წარმოვადგენ საქართველოში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობას 350.org-ს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი იმერეთის მხარეში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-5 სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი და ა.შ.
ჩემი ცხოვრება სავსეა მოვლენებით, სიახლეებით და პოზიტივით. ამიტომ ყველას გისურვებთ ყოველთვის და ყველგან იყოთ აქტიური.