თამთა ლელაძე - აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბაკალავრი

4-04-2019, 12:10
ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, ისტორია და უცხო ქვეყნების ენა და ლიტერატურა. ადვილად ვსწავლობდი სიახლეს და განსაკუთრებით, უცხო ენებს. გამიმართლა სკოლაშიც დავასრულე წმინდა ნინოს გიმნაზია, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებული პროგრამით ისწავლებოდა და გამიმართლა, რომ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენების საუკეთესო ფაკულტეტი იყო. ასე, რომ სხვაგან ჩაბარება არც კი მიფიქრია.
უნივერსიტეტმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი, სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობდა და ყველა სიახლე, რაც იმ დროს ინგლისური ენის შესწავლაში ინერგებოდა, ჩვენ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისთვისაც ხელმისაწვდომი იყო.
თანამედროვე სამყაროში არსებობა და განვითარება დღეს უკვე წარმოუდგენელია ინგლისური ენის გარეშე . გავიარე ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრენინგი, სემინარი, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სახის ვორქშოპებსა და კონფერენციებში, გამოფენებსა და ფესტივალებში. ეს ყველაფერი კი, ჩემს მიერ მიღებული განათლების უმაღლესი ხარისხის გარეშე, ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა.
2014 წლიდან ვმუშაობ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს ვაწვდით ინფორმაციას ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, ენობრივი ბარიერის შემთხვევაში ვუწევთ დახმარებას და ვქმნით ადგილობრივ ბაზას - ხელს ვუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას. ამასთანავე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვარ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, რაც ასევე, ძალიან საინეტერესოა ჩემთვის, რადგან აქაც გამიმართლა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თეატრი პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ფესტივალებზე აქტიურად მონაწილეობისთვის.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაძლებელია ისეთი ტიპის განათლების მიღება, რაც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მრავალფეროვანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კი, შანსს აძლევს ჩვენს მომავალ თაობებს განათლებულ, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისათვის.