აწსუ-ს კურსდამთავრებული მირანდა მანაგაძე

„ახლა კორძაძის საადვოკატო ბიუროში ვმუშაობ ადვოკატის პოზიციაზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2004 წლიდან 2010 წლამდე ვსწავლობდი და სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მაქვს.

პროფესიული არჩევანი გაცნობიერებულად გავაკეთე. დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების ოჯახში. ირგვლივ ძირითადად პედაგოგები მეხვივნენ და სულ ის მესმოდა, მასწავლებლობა ქალისთვის იდეალური პროფესიაა, რადგან ოჯახისთვისაც გიტოვებს დროსო. მე გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი და როცა ჩემი პროფესიული არჩევანი მშობლებს გავაცანი, წინააღმდეგობა შემხვდა. მთხოვდნენ დავფიქრებულიყავი, რადგან ისეთ პროფესიას ვირჩევდი, რომლის გამოც მომავალში ან ოჯახზე მომიწევდა უარის თქმა, ან კარიერაზე. თუმცა, მე ერთმნიშვნელოვნად და პრინციპულად მივიღე ეს გადაწყვეტილება და შეცვალს არ ვაპირებდი. თუ ვინმე მკითხავს, იურისტობა ასე დაჟინებით რატომ გადავწყვიტე, ვუპასუხებ, რომ ეს ადამიანების სიყვარულის გამო გავაკეთე. ზუსტად ვიცოდი, ადამიანის უფლებადამცველი უნდა ვყოფილიყავი და არასდროს ვიქნებოდი პროკურორი, ან მოსამართლე.

ცუდია, რომ ახალგაზრდებს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის არა აქვთ დრო პროფესიული არჩევანის უფრო გააზრებულად გასაკეთებლად. ადამიანები სხვადასვხა რამის გამო ირჩევენ პროფესიებს, ზოგი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს, ზოგი ქულებსა და გამართლებაზეა დამოკიდებული. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სამედიცინოზე ჩაბარებას გეგმავდნენ და მერე ქულების გადანაწილებით სამართალზე მოხვდნენ. ასე მიღებული განათლებით რთულია პროფესიონალად იქცე. პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი უჭირავს. პროფესია ჩემთვის ყველაფერია. როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ სულ ტონუსში ვარ, დიდ ადრენალინს ვიღებ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საფეროშიდაც მიმუშავია, ვფიქრობ სამართლის სწავლით ისეთი ზოგადი განათლება შევიძინე, რომლის ინტეგრირებაც და გამოყენებაც ნებისმიერ საქმეშია შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ძალიან საჭირო პროფესიაა.

უნივერსიტეტმა ბევრი კარგი რამ მომცა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. როცა პირველად დავიწყე ჩემი პროფესიით საქმიანობა მივხვდი, რომ შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ადაპტირება რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია სტუდენტობის პერიოდშივე იზრუნონ სტუდენტებმა პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე. სამართალმცოდნეობა განახლებადი და კონკურენტუნარიანი სფეროა. ასე რომ, თუ გინდა ბაზარზე სასურველ კადრად დარჩე მუდმივად ცოდნის განახლებაზე ზრდასა და განვითარებაზე უნდა იზრუნო.

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და ძალიან გამიხარდება, თუ როგორმე მის განვითარებაში შევიტან წვლილს. ჩემს უნივერსიტეტს, მის მოქმედ სტუდენტებს სიამოვნებით გავუზიარებ ინტელექტუალურ რესურსს, განათლებასა და გამოცდილებას. პრინციპში, ამის გამოცდილება წარსულშიც მქონდა, ერთი წლის მანძილზე საერაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ვკითხულობდი ლექციებს. უბრალოდ, დროის დეფიციტის გამო ვეღარ შევძელი თანამშრომლობის გაგრძელება. თუ მომავალში ამის საჭიროება იქნება, სიამოვნებით ჩავაყენებ ჩემს რესურსებს უნივერსიტეტის სამსახურში.“