ანა მუმლაძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული
ანა მუმლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ანა ფარმაცევტ-ტექნოლოგია და ახლა კომპანია PSP_ში მუშაობს.
„ბავშვობაში დაინტერესებული ვიყავი ტექნოლოგიებითა და ფარმაციით. გამომიდნარე იქედან, რომ უნივერსიტეტში ტექნოლოგიებისა და ფარმაციის სწავლა საშუალებას მომცემდა, არამხოლოდ მედიკამენტების გაყიდვით, არამედ შექმნითაც დავკავებულიყავი ავირჩიე ეს პროფესია.
საერთოდ, პროფესიული არჩევანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ რა უნდათ, გაეცნონ პროფესიებს და მერე გააკეთონ გააზრებული არჩევანი. როცა უკვე სტუდენტები გახდებიან არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით. თვითგანათლებას ძალიან დიდი როლი აქვს განვითარებაში. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მეტს ვთხოვდით და ვეკითხებოდით ლექტორებს, მით მეტს გვასწავლიდნენ. როგორც ახლა ვხედავ, ძალიან გაიზარდა გაცვლითი პროგრამების რაოდენობა. ახალგაზრდებს ვურჩევ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და თეორიასთან ერთად აუცილებლად იზრუნონ პრაქტიკული გამოცდილების შეძენაზე, რათა გახდნენ კარგი პროფესიონალები.
პროფესიონალიზმი არის მუდმივი სწავლა. შეუძლებელია ერთხელ რაღაც დაისწავლო და ეს საკმარისი აღმოჩნდეს. ფეხი უნდა აუწყო სიახლეებს, იზრუნო ცოდნის განახლებაზე. მახსოვს, უნივერსიტეტში გვეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა ახლა ვერ იაზრებთ ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობას და იცოდეთ, ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათო. რაც უფრო მეტად ვიზრდები, ვრწმუნდები რომ მართლები იყვნენ.
მინდა მეტად გავიღრმავო ცოდნა და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე. ამისთვის, ვფიქრობ, რომ კიდევ დავბრუდები უნივერსიტეტში.“