ლანა მელაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

ლანა მელაძე – ინგლისური ენა-ლიტერატურის ბაკალავრი.
“როცა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ეროვნული გამოცდებისთვის დავიწყე მზადება, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ თუ სრულ დაფინანსებას ვერ ავიღებდი, სწავლის გაგრძელება ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ, ვიმუშავე ბევრი და მონდომებით. ასე ვარ დღემდე. არასოდეს ვნებდები და გამოწვევებს არ ვუშინდები. ახლა ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში პირველი მოადგილის თანაშემწის პოზიცია მიჭირავს. როცა ადამიანები ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ იგებენ იქვე აზუსტებენ – „ააა, ალბათ კაცი გყავდა ხომ მანდ?! მაგის გარეშე რას გახდები!“. სინამდვილეში, ონლაინ, ინტერნეტში ვნახე ეს ვაკანსია და 260 ადამიანთან ერთად გავიარე კონკურსი. შესაძლოა, არის შემთხვევბი, როცა უღირს კანდიდატს ვინმე მფარველი გამოუჩნდება და ისიც მიიწევს წინ, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთები ისევ სუსტების ხარჯზე თუ ახერხებენ დაწინაურებას. ვფიქრობ, პროფესიონალი და შრომისმოყვარე ადამიანების დაჩაგვრა ძალიან რთულია. ალბათ, რომც მყავდეს ვინმე ახლობელი ძალიან ვიუხერხულებდი რაიმეს თხოვნას.
უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი შემეტყო გადაწყვეტილების მიმღები პირების საქმიანობის შესახებ. მესამე კურსზე რუმინეთში წავედი ERASMUS MUNDUS-ის გაცვლითი პროგრამით. ERASMUS + – ის გრანტი GIPA_ში მაგისტრატურაზე სწავლის დროსაც მივიღე და ავსტრიაში ვსწავლობდი ერთი სემესტრის განმავლობაში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ პერიოდების დაუვიწყარ გამოცდილებაზე. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი და ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის კულტურა სხვა კულტურების გაცნობის პროცესში, მათთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე. ევროპულმა გამოცდილებამ ძალიან მკაფიო განსხვავება დამანახა ჩვენსა და მათ საგანმანათლებლო სისტემებს შორის. ევროპული განათლების ხიბლი, ალბათ, მიდგომებშია. სწავლების პროცესში ყველაზე მეტად აქცენტს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებაზე აკეთებენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც კი ვიცი ჩვენთან რა მნიშვნელობა აქვს ამ მოძველებული ლიტერატურით მოძველებული ინფორმააციის დაზეპირებას. გაცილებით ღირებული იქნებოდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე დაეხარჯა საკუთარი რესურსი. ასეთ განათლებას გაცილებით დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს.
ვფიქრობ, განათლების მთავარი ეფექტი მიმღებლობის გაზრდაა. უმცირესობების მიმართ აგრესიული განწყობებით არასოდეს გამოვირჩეოდი, თუმცა, ამჟამინდელ დამოკიდებულებას თუ შევადარებ სკოლის პერიოდს, მნიშვნელოვან განსხვავებას ვხედავ. ცალ-ცალკე ჰომოფობებსაც მრავლად ვიცნობ და განათლებულ ადამიანებსაც, თუმცა ჯერ არ შევხვდერილვარ განათლებულ ადამიანს, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით იქნებოდა სავსე.“