სოფიო კუპატაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

სოფიო კუპატაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრი. ქუთაისიდან სწავლა უკრაინაში განაგრძო, დაბრუნების შემდეგ კი უკვე 5 წელია უწყვეტი და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებით თანამშრომლობს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან.
„ჩვენი ქვეყანა, მუდმივად განვითარების პროცესშია, ყოველთვის მინდოდა ამ პროცესების აქტიური მონაწილე ვყოფილიყავი როცა უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა შევაფასე, მივხვდი, რომ არასამთავრობო სექტორიდან საჭირო ცვლილებების გამოწვევაში მონაწილეობას ყველაზე უკეთ შევძლებდი.
ამჟამად შშმ ბავშვთა და პირთა უფლებების დაცვაზე ვმუშაობ. გვაქვს შშმ პირთა 4 დღის ცენტრი, ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში, რომელთა პროგრამასაც ვუწევ კოორდინირებასა და ადმინისტრირებას.
ბავშვობა 90-იანებში გავატარე, როგორც ყველას იმ დროს, ოჯახში ჩვენც ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გვქონდა და ამის ფონზე, ძალიან მკაფიოდ მახსოვს, რომ მთავარ ღირებულებად განათლება ყოველთვის უპირობოდ გვქონდა აღიარებული. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ თუ მინდოდა რაიმესთვის მიმეღწია, ამას მხოლოდ განათლებით შევძლებდი.
ადამიანები განათლებას სხვადასხვა მიზნით იღებენ და თუ ჯანსაღ მაგალითს განვიხილავთ, ალბათ კონკრეტული მისწრაფებებისა და გეგმების მიღმა, მთავარი მიზანი რის გამოც ადამიანი განათლებას იღებს – სოციალიზაციაა. ამიტომ ვინც ახლა აკეთებს პროფესიულ არჩევანს ვურჩევდი, რომ კარგად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და აუცილებლად იფიქროს პერსპექტივაზე. ნუ შემოისაზღვრებით მხოლოდ იმ პროფესიებით, რომლებიც დღესაა პოპულარული, იფიქრეთ გარდაუვალ პროგრესზე მომავალში.
პროგრესზე, ცვლილებასა და განვითარებაზე ფიქრი მხოლოდ სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიული არჩევანის დროს არაა მნიშვნელოვანი, ზრდასრულებისთვისაც, სტაბილური სამსახურის აღების შემდეგაც საჭიროა მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა. ყოველდღიურად ძლიერდება დისკუსია ზრდასრულთა განათლების შესახებ. ცხადია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს განგრძობად განათლებაზე, ზოგჯერ არის რომ ადამიანს უნდა ახალი პროფესიის შეძენა, მაგრამ არ აქვს ფუფუნება მოიძიოს ფინანსური და დროის რესურსი ამის გასაკეთებლად. თუმცა გულწრფელობისთვის, ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, შეიძლება ყოველდღიურ რუტინას მოპაროთ დრო ახალი ცოდნის შესაძენად. არის ასეთი რესურსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა – სადაც მე მაგალითად, უკვე გავიარე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის, ადვოკატირებისა და ლობირების კურსები.
ვფიქრობ, განათლება უწყვეტი პროცესია – რომელიც ერთდროულად გაძლევს კითხვებს და პასუხებს, მხოლოდ ასე შეიძლება იცხოვრო.“