თეიმურაზ მურცხვალაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

“მე ვარ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი და ჩემი ძირითადი საქმიანობა ახალგაზრდებთან ურთიერთობას უკავშირდება. ვმუშაობ ლიდერთა ზამთრისა და ზაფხულის სკოლებზე. გამომდინარე იქედან, რომ პრიორიტეტად განათლება გვაქვს არჩეული, ახლა უფრო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ვარ კონცენტრირებული, ვიდრე სპორტულზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო და საჯარო მმართვის სამაგისტრო პროგრამებზე ვსწავლობდი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები ბავშვობიდან მაინტერესებდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე განათლება ამ მიმართულებით მიმეღო.

ზოგადად, განათლებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იღებს მაღალი სტანდარტის განათლებას, რის გამოც მარტივია მათზე გავლენა და ისინი ხშირად მასებად იქცევიან ვიღაც ლიდერის ხელში. ასევე, არიან ადმიანები, რომლებიც განათლებას იღებენ, თუმცა პიროვნებად ვერ დგებიან. ვერ ახერხებენ ცხოვრებაში რეალიზებას და ვერ ყალიბდებიან სწორ პიროვნებებად. დავესესხები ილია ჭავჭავაძეს და ვიტყვი, რომ ენას, მამულსა და სარწმუნოებას დიდი როლი აქვს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. როდესაც ადამიანი წინასწარ ჭვრეტს, თუ რა მოყვება მის ნაბიჯს საკუთარი ოჯახისა თუ ქვეყნისთვის სწორედ ეს არის შემდგარი პიროვნება.

მე ახალგაზრდებთან ინტენსიურად ვურთიერთბ.ყველაზე მეტად რაც მაწუხებს არის ის, რომ როდესაც ადამიანები საკუთარ საპროექტო იდეებს გვთავაზობენ, მცირე ხარვეზის შემთხვევაში ვთხოვთ ჩასწორებასა და ხელახლა წარმოდგენას, თუმცა ასეთ დროს სწრაფად ყრიან ფარ-ხმალს. მინდა, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
ჩვენ მთელი წლის მანძილზე ღია ვართ ინიციატივებისთვის. სამწუხაროდ, ახალგაზრდები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მაგალითად წელს მხოლოდ 6 ინიციატივა განვიხილეთ. ვისურვებდი რომ უფრო მეტად იაქტიურონ. ძალიან მინდა იმაზე მეტი შესაძლებლობა შევქმნა ახალგაზრდებისთვის, ვიდრე მე მქონდა მათ ასაკში, რათა რაც შეიძლება იშვიათად თქვან რომ არაფერი არ ხდება.

მოვუწოდებ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ განათლებას და იმუშაონ საკუთარ თავზე.“