გიორგი გოგოლაშვილი – აწსუ-ს კურსდამთავრებული
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვის ინჟინერიასა და გამოყენებით ეკოლოგიას ვსწავლობდი. პროფესიით გარემოსდამცველი ვარ.
პროფესიული არჩევანი გააზრებულად გავაკეთე. მახსოვს, ჩემი აბიტურიენტობისას გარემოს დაცვის თვალსაზრისით როგორი მძიმე მდგომაროება იყო და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
სტუდენტობის დროს სათაფლიის ნაკრძალში გავდიოდი პრაქტიკებს, ვსწავლობდი ძეგლთა და მცენარეთა დაცვის სისტემას. ერთხელაც, უნივერსიტეტში იტალიური კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ, თანამშროლებს ეძებდნენ, ჩემი რეზიუმე გავაგზავნე და მუშაობაც დავიწყე. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური გზების მშენებლობის მიმართულებით. მოგვიანებით კი ქართულ კომპანიაში განვაგრძე საქმიანობა და ახლა სამტრედია – ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ვმუშაობ.
მე ისეთ სფეროში ვარ, რომელიც გარემოზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას. გარემოსდამცველის განათლება კი მეხმარება სტანდარტების დაცვაში. ცხადია, გარემოზე ასეთ მოფრთხილებას უფრო მეტი დრო და რესურსი მიაქვს, მაგრამ მტკიცედ ვინარჩუნებ გარემოსდამცველის ღირებულებებს.
ვინც ახლა აკეთებს პროფესიულ არჩევანს, ვურჩევ ტექნიკურ საგნებზე აიღონ ორიენტირი. ბაზარზე პროფესიონალების დეფიციტია და კარგი განათლების მქონე აუცილებლად შეძლებს თვითრეალიზაციას. ზოგჯერ ხდება, რომ საქართველოში კვალიფიციურ პერსონალს ვერ ვპოულობთ და უცხოეთიდან გვიწევს ჩამოყვანა. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი თანაკურსელები წავიყვანე ჩემს სამსახურში, შევეცადე საგზაო ინჟინერიით დამეინტერესბინა ისინი. იმედი მაქვს, მომავალში მათთან ვითანამშრომლებ.
ისე მხოდა, რომ სამსახურში ყოველთვის ჩემზე უფროსი ადამიანების მართვა მიწევდა და გასაგებია, რომ შესაძლოა, თანამედროვე სტანდარტებს მე უკეთ ვიცნობდი (და ალბათ, სწორედ ამიტომ დავიჭირე მენეჯერული პოზიცია) ყოველთვის ჰორიზონტალური მართვის პრინციპს ვანიჭებ უპირატესობას. ვცდილობ ყველას მოვუსმინო და გადაწყვეტილება ისე მივიღო. საერთოდ, ადამიანების მოსმენა ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. უნივერსიტეტში სწავლისას ამის მაგალითს ჩემი ლექტორები, ინგა ბოჭოიძე და ციცინო თურქაძე მაძლევდნენ. ალბათ, განსაკუთრებული გავლენაც სწორედ მათ იქონიეს ჩემზე. ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და ასევე მზაობას ცვლილებებისთვის. იმასაც კი ღიად გვეუბნებოდნენ, გველაპარაკეთ რაც არ მოგწონთ და ერთად შევცვალოთო. ეს ძალიან მრავალფეროვანს ხდიდა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს.
ახლა მაგისტრატურაში ვაგრძელებ სწავლას, რადგან კარიერულ წინსვლას ვგეგმავ და ამისთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხი მჭირდება.”