თამარ ჩხობაძე- აწსუს კურსდამთავრებული
როგორც დედა ამბობს, ბავშვობიდან ვოცნებობდი ვყოფილიყავი ექიმი. მიმართულებაც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი – პედიატრია, რადგან სულ მივისწრაფვოდი დავხმარებოდი ცუდად მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. წლების მატებასთან ერთად იცვლებოდა შეხედულებები, გატაცებები, მიზნები, თუმცა სურვილი იმისა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვებთან ურთიერთობაში გამეტარებინა უცვლელი რჩებოდა. ალბათ ამან განაპირობა აზრთა სხვადასხვაობა ოჯახშიც, თუ რა გზით წავსულიყავი, პედაგოგიკა თუ სამედიცინო სფერო. საბოლოო სიტყვა რათქმა უნდა ჩემი უნდა ყოფილიყო და მამიდას პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით არჩევანი შენაჩერე სამედიცინო განხრაზე, კერძოდ ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიაზე.
2009 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში გატარებულმა საინტერესო, ნაყოფიერმა ხუთმა წელიწადმა თითქმის თვალის დახამხამებაში გაიარა და 2014 წელს ჩავაბარე სტომატოლოგიურ კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრში “უნიდენტ“-ში, სადაც შევიძინე უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება. 2015 წელს დავუბრუნდი ჩემ მშობლიურ ქალაქ ქუთაისს საყვარელი საქმიანობის გასაგრძელებლად. მალევე დავიწყე მუშაობა კლინიკა „ეკოდენტ“-ში, სადაც დღემდე ვაგრძელებ პროფესიულ ზრდა-განვითარებას მსოფლიოში საუკეთესო მეგობრულ,ოჯახურ და გვერდშიმდგომ კოლექტივთან ერთად .