ნათია მატარიძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული
„ახლა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ვმუშაობ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩემი პასუხისმგებლობაა მედიასთან თანამშრომლობა, იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რელიზებისა და ახალი ამბების მომზადება, ადმინისტრაციული ვებ-გვერდისა და სოციალურ მედიაში განთავსებული გვერდების მართვა… მოკლედ, ყველაფერი, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება.
მე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი. ბაკალავრზე ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე და გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა, გადავწყვიტე ეს სფერო კიდევ უფრო ახლოს და ღრმად გამეცნო, პრაქტიკასთან ერთად მიმეღო სრულყოფილი თეორიული ცოდნა.
ჩემი პროფესიული ინტერესი საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგია. სწორედ ამიტომ, სამაგისტრო საკვლევ თემად პოლიტიკური რეკლამის გავლენა შევარჩიე. ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებ ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას.
ზოგადად, განათლებას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს, გვაძლევს მიმდინარე მოვლენების ანალიზის უნარს და შესაძლებლობას, რომ ფაქტის მიღმა დავინახოთ სრული სურათი.
სკოლის დასრულების შემდეგ, 17-18 წლის ასაკში, ცოტა რთულია გააზრებულად გააკეთო სწორი პროფესიული არჩევანი, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედიაა, რადგან, მთელი ცხოვრება ძიების პროცესია.
ახალგაზრდებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი იკვლიონ, ეძებონ, გაიფართოვონ საზღვრები, გამოიყენონ სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობები და იპოვონ საქმე, რომელიც აღფრთოვანებაში მოიყვანთ.