გიგა ხურცილავა – აწსუ-ს კურსდამთავრებული
ქართული ენის პატივისცემისა და დიდი გულშემატკივრობის მიუხედავად, ბუნებრივობის სიყვარულით გიგა ხურცილავს იმ ენაზე გაგაცნობთ, რომელზედაც საუბრობს. საკომპენსაციოდ, საქმეს გაგიმარტივებთ და უცხო სიტყვათა განმარტებით დავიწყებ:
მოუშენ დიზიანი – Motion Graphic Design – არის მოძრავი გრაფიკული დიზაინი. მოუშენ დიზაინერები ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ფილმში. მოუშენ დიზაინერების საქმეა, ნებისმიერი იმ ელემენტის ამოძრავება, რაც კომპიუტერული გრაფიკით იქმნება. ისინი იყენებენ ვიზუალურ ეფექტებს, ანიმაციასა და კინემატოგრაფიულ სხვა ტექნიკას, რათა შექმნან თავიანთი ქმნილებები.
ფრილანსერი – ერთგვარად, დისტანციურად საქმის შემსრულებელი. შტატგარეშე მომუშავე ადამიანი. რომელსაც დამკვეთი უკვეთავს სასურველ სამუშაოს, ხოლო ფრილანსერი გარკვეული თანხის სანაცვლოდ პასუხისმგებლობას იღებს საქმის შესრულებაზე.
ინსპირაცია – შთაგონება;
იუთუბერი – ადამიანი, რომელიც იღებს და ავრცელებს ვიდეოებს YouTube-ზე.
მაშ ასე, გიგა ხურცილავა 25 წლის.
– გიგა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რა განათლება მიიღე?
წერეთლის უნივერსიტეტში გარემოს დაცვის ინჟინერიასა და გამოყენებით ეკოლოგიას ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მალევე გადავწყვიტე არა ჩემი პროფესიით, არამედ მოუშენ დიზაინით დავკავებულიყავი, ვიცოდი, რომ საუნივერსიტეტო განათლებით ზოგად, მნიშვნელოვან ცოდნას შევიძენდი, რასაც მომავალში არ ვიცი კონკრეტულად რაში, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებდი. უნივერსიტეტში სწავლისას ზოგჯერ მიფიქრია, აი, რაში შეიძლება გამომადგეს ეს რასაც ახლა ვსწავლობ? და ცოტა ხნის შემდეგ რაღაც ისეთი მომხდარა, რომ მოულოდნელად მითქვამს – ვახ, ეს ხომ ისაა რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი! საერთოდ, მჯერა, რომ ადამიანები არა მხოლოდ გამიზნულად, არამედ ჩვენგან დამოუკიდებლადაც ვართ ხოლმე განვითარების ობიექტები, რადგან ინფორმაცია რომელიც ირგვლივ ტრიალებს რაღაც ფორმით ილექება და გავლენას ახდენს ჩვენზე.
– როცა გეკითხებიან საყვარელ ლექტორზე, იხსენებ …
ალბათ, ყველას ჰყავს ლექტორი, ვინც სტუდენტისთვის შთაგონების წყარო გამხდარა. ჩემთვის ასეთი იყო ციცინო თურქაძე. მან იცოდა რას ვაკეთებდი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. სტუდენტობის დროს ასეთი მხარდამჭერები ძალიან დიდ მოტივს გაძლევენ.
– როდის და რატომ დაინტერესდი მოუშენ დიზაინით?
ყოველთვის ვცდილობ, რასაც ვაკეთებ სხვებსაც გავუზიარო. როცა ვცეკვავდი, ჩემი ცეკვის ვიდეობის გადაღება და დამონტაჟება დავიწყე. ვფიქრობდი, ასე უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა და დაინტერესდებოდა ცეკვით. ვიდეოების მონტაჟის დროს მივხვდი, რომ რაღაც სხვა დამატებითი ეფექტები მჭირდებოდა და ძიებისას აღმოვაჩინე, ისეთი პროგრამა, რომელმაც საშუალება მომცა შემექმნა მოძრავი გრაფიკული ელემენტები და ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ ჩემს მთავარ საქმედ ვაქციე. მოუშენ დიზაინი არც ისე დიდი ხნის სფეროა. 1960-იანი წლებიდან დაიწყო მისი განვითარება. მე 5 წელია რაც ამ საქმეში ვარ. მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრები თავიდან ვერ ხვდებოდნენ რას ვაკეთებდი. ახლა უკვე პროფესიული ტერმინებით ვსაუბრობ მათთან.
– ფრილანსერებს უწევთ თავად გაამხნევონ საკუთარი თავი, დაკავდნენ თვითმოტივაციით, შენ როგორ ახერხებ ამას?
ადრე, პატარა რომ ვიყავი სამოტივაციოდ რაღაც ფრაზას ავარჩევდი და მაგალითად, კომპიუტერის ეკრანზე დავაყენებდი რომ ხშირად მეყურებინა და მოტივაცია ამემაღლებინა. ახლა კი, ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი ის სამყაროა, სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. ისე ღრმაა ეს პროფესია, რომ აი, დღეს რომ ძალიან, ძალიან მაგარი რამ გააკეთო ყოველთვის იცი, რომ ხვალ გამოვა ვიღაც სხვა და შენზე უკეთესს გააკეთებს. მერე შენ გიწვს მუშაობა, რომ მასაც აჯობო და საკუთარ ძველ თავსაც. ასეთი დაუსრულებელი განვითარებისა და შთაგონების წყაროა მოუშენ დიზაინი.
– შენ რა გინდოდა და გამოგივიდა?
როცა ვფრილანსერობდი, მივხვდი, რომ კი, ჩემი სამუშაო სტილი ესაა, მაგრამ თანამოაზრეები და იმავე საქმით დაკავებული ადამიანებიც მჭირდებოდა გარშემო. ვიცოდი, საქართველოს ბანკს ჰყავდა მოუშენ დიზაინერი და მინდოდა როგორმე იქ მოვხვედრილიყავი, ამისთვის კი თბილისში უნდა წავსულიყავი. ერთხელაც, ვაკანსია ვნახე, კომპანია ეძებდა მოუშენ დიზაინერს. გავაგზავნე ჩემი რეზიუმე, მალევე მომწერეს და ამიყვანეს ჯორჯიან ეარვეისში. ასე გადავედი თბილისში. თბილისში ცხოვრებისას, ჯამში 3 სხვადასვხა კომპანიისთვის ვმუშაობდი და რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე. სამუშაოს ტექნიკურად კი ვასრულებდი, მაგრამ ვეღარ ვვითარდებოდი. გადავწყვიტე სამივე დამქირავებელთან ერთდროულად გამეწყვიტა კონტრაქტი. როცა რაღაცებზე უარს ამბობ, შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს რომ ეს გადაყწვეტილება გაზიანებს, მაგრამ ჩემი ფიქრით, კომფორტის ზონაში ჩარჩენაზე მეტად ვერაფერი დაგაზიანებს. მოკლედ, დამქირავებლებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე და მეორე დღეს ნიკა გუჯეჯიანისგან მივიღე წერილი, რომ საქართველოს ბანკი მოუშენ დიზაინერს ეძებს და უნდა ჩემთან გასაუბრება. ნიკა საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი და ძალიან ბევრი ადამიანის ინსპირატორი იყო. მახსოვს, ყოველთვის ამბობდა, რაღაც ნამუშევარს რომ ნახავ ძალიან კრიტიკულად არ შეაფასო, ნუ იტყვი რომ არ ვარგა, რადგან არ იცი იმ ადამიანმა ეს რის ხარჯზე გააკეთაო. საქრთველოს ბანკში მოხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროს. თბილისში, წერეთელზე ვცხოვრებობდი და ჩემი აივნიდან საქართველოს ბანკის სათაო შენობას ვუყურებდი, რამდენჯერმე გავიფიქრე, აუცილებლად მოვხვდები მანდ… რაც უფრო დიდია კომპანია გამოწვევებიც მეტია, ხარისხის კონტროლიც უფრო ძლიერი და მაგიტომ მინდოდა საქართველოს ბანკში მუშაობის დაწყება. იქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და მცირე დროის მონაკვეთში საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. მაგრამ, ნახევარი წლის შემდეგ, მივიღე სხვა შემოთავაზება ამერიკიდან და წამოვედი, რადგან ვიცოდი, წინ წასვლის დრო იყო. ახლა, უკვე ორი წელია ამერიკული კომპანიისთვის ქუთაისიდან დისტანციურად ვმუშაობ.
– პროდუქტი რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ:
ეგ მუდმივად იცვლება. აი, ორი წლის წინ შექმნილი რაღაცები შეიძლება დღეს ბოლომდე ვერ ვნახო და გავთიშო. მაგრამ ეს ცუდი არ არის, ეს ადასტურებს რომ იზრდები, ვითარდები. დღესაც რომ 5 წლის წინ განაკეთები რაღაცები მომწონდეს ეგ უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა. ალბათ, ვამაყობ ბოლო ნამუშევრებით, ვიდრე ახალს არ შევქმნი. ააა, ახლა გამახსენდა ერთ-ერთი ნამუშევარი რითაც ვამაყობ. ალფი დეის (Alfie Deyes) ბრიტანელი იუთუბერია და მილიონობით გამომწერი ჰყავს, მას გავუკეთე ინტრო, ანუ მისი ყველა ვიდეო როცა იწყებოდა იხსნებოდა ჩემი ინტროთი, რასაც ნახულობდა დღეში მილიონობით ადამიანი.
– რა გახდის ბაზარზე კონკურენტუნარიანს?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდე და მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული ვიყო. როგორც კი ერთ დღეს რაღაცას გააკეთებ და მოგეწონება, კმაყოფილი იქნები, მეორე დღეს ხელები უნდა აიკაპიწო და ახალი საქმე დაიწყო. როდესაც მოუშენ დიზაინერი ხარ და კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობ, ისეთი ნამუშევარი უნდა შექმნა, რომლითაც კლიენტი სარგებელს ნახავს, რაც მის პროდუქციას გაყიდვაში დაეხმარება. ოქროს შუალედი ეგაა. პირდაპირ კლიენტი როგორც გეუბნება ის კი არ გააკეთო, ან შენს მაღალ წარმოსახვებს გამოედევნო, არამედ, პროფესიონალიზმისა და ფასეულობების სინთეზით ისეთი პროდუქტი შექმნა, რაც მის ბიზნეს განავითარებს.
– პოლიტიკა რაიმე ფორმით გავლენას ახდენს შენს საქმეზე?
რაღაც ფორმით, ალბათ, კი. მგონი, პოლიტიკა ყველაფერზე ახდენს გავლენას. და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული პოლიტიკით. პოლიტიკა არ გაინტერესებდეს და მერე რაღაცებს აკრიტიკებდე ჩემთვის ალოგიკურია. ეს იგივეა, არჩევნებზე არ წახვიდე, ხმა არავის მისცე და მერე თქვა, რომ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება არ მოგწონს. თუ არ მოგწონდა, მისულიყავი არჩევნებზე და დაგეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.
– რას შეცვლიდი ქვეყანაში შენზე რომ იყოს?
განათლების რეფორმის მომხრე ვარ, რასაც ყველაზე მეტად სკოლა საჭიროებს. სკოლა უნდა გამზადებდეს რეალური ცხოვრებისთვის. სკოლის დასრულების შემდეგ უნდა იცოდე რა გინდა. სკოლა დღეს ამას ვერ აკეთებს და ასეთი თვითგამორკვევის პროცესით მერე უნივერსიტეტში ვკავდებით ხოლმე. არადა, უნივერსიტეტში სწავლა უკვე გააზრებულ პროფესიულ არჩევანს უნდა გულისხმობდეს. სხვა რომ არაფერი, სკოლაში რეზიუმეს შევსებას, ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნასა და საქმიანი კორესპოდენციის კულტურასაც კი არ გასწვალიან. როცა მე ეს დამჭირდა, სხვადასხვა საიტზე ბლოგებიდან ვიღებდი ინფორმაციას.
– რას ურჩევდი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ახლა აკეთებენ პროფესიულ არჩევანს?
რა შეიძლება ვურჩიო მოსწავლეებს, ჯერ კარგად დაფიქრდნენ რისი კეთება მოსწონთ და მერე გათვალონ იქნება, თუ არა მათ მიერ შერჩეული პროფესია მომავალში აქტუალური. დრო გავა და რაღაც პროფესიები გაქრება. მაგალითად, ბანკში მოლარის ფუნქცია შესაძლებელია სრულად ტექნიკამ ჩაანაცვლოს. აი, ჩემი საქმე, კომპიუტერული გრაფიკა კი პირიქით, მზარდი დარგია და მომავალში არათუ გაქრობა არ ემუქრება, არამედ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ახალგაზრდებს ვურჩევდი რომ ლოკალური გარემოთი არ შემოისაზღვრონ და უფრო ფართოდ იფიქრონ. პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინო, რომ მომავალში შენი კონკურენტები მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლები კი არა, მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან. მოკლედ, ლოკალურად არ უნდა ჩაიკეტო, გლობალურ მასშტაბს უნდა იაზრებდე.
– და ბოლოს, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
ბოლო პერიოდია, ვფიქრობ, რომ ქუთაისში საკუთარი კომპანია შევქმნა. პატარა სტუდია, რომელიც სხვადასხვა შემკვეთისთვის დაამზადებს მოუშენ გრაფიკ ვიდეოებს. ამ საქმის წამოსაწყებად მთავარი გამოწვევა ისაა, რომ პოტენციური დამკვეთების უმრავლესობას სათაო ოფისები თბილისში აქვთ და ჩვენს ქვეყანაში ჯერ დისტანციური მუშაობის კულტურა საკმარისად განვითარებული არ არის, რომ დამკვეთი დარწმუნებული იყოს, დისტანციური თანამშრომლობით იმავე შედეგის მიღებაა შესაძლებელი, რასაც პირისპირ შეხვედრებითა და განხილვებით ვაკეთებთ.
_____________________
ეს ინტერვიუ გიგასთან იანვარში ჩავწერეთ და ვფიქრობთ, ახლა ყველაზე აქტუალური დროა მის გამოსაქვეყნებლად. იმედია, საქართველოში კორონავირუსის უკან მოტოვების შემდეგ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობების მიმართ ნდობა აუცილებლად გაიზრდება, გიგა კი მის მიზანთან უფრო ახლოს და მარტივად მივა.