ანა შალიკიანი – აწსუ-ს კურსდამთავრებული

ანა შალიკიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი საჯარო სამართალში
ამჟამად, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას ბავშვთა ლიტერატურულ კლუბში “წიგნების თაობა“ და ასევე, ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში. ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
ადრე ვფიქრობდი, რომ მიუხედავად იმ ცოდნისა და ხედვებისა, რაც სამართლებრივმა ლიტერატურამ მომცა, ჩემი პროფესიული არჩევანი შეცდომა იყო. სინამდვილეში, არ შეიძლება რაიმეს სწავლას შეცდომა დაარქვა. ინტერესები იცვლება, ადამიანები თავისუფლები ვართ, მათ შორის პროფესიულ არჩევანშიც და ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოაჩინო, რომ რომელიმე სფერო, პროფესია სხვაზე მეტად გიზიდავს.
ითვლება, რომ განათლება ცოტ-ცოტა ყველაფრის ცოდნას ნიშნავს, მაგრამ არასანდო მიდგომაა, იმიტომ, რომ არც არავის გაუზომავს მაინც რამდენია ეს “ყველაფერი“ და არც „მხოლოდ ცოდნა“ ნიშნავს განათლებას. სპარსი პოეტი, რუმი ამბობდა, უნდა გაიბზარო, რომ შენში სინათლე შემოვიდესო. მგონია, რომ ეს ფრაზა ყველაზე ნატიფი ფორმით ასახავს განათლების ჩემეულ აღქმას განცდის და შრომის კომპონენტების გამოყენებით.
განათლების უმთავრესი მიზანი ადამიანად ყოფნის კულტურის ჩამოყალიბება მგონია. გააზრებისა და კონტექსტის შეგრძნების სტიმულირება, ყოველდღიურობაში ღირებულებათა სისტემის წვრთნა და გადახედვა, ეთიკისა და პრაგმატულობის ჭრილში მოვლენათა შეფასების უნარების განვითარება, შრომა ფიზიკურად თუ გონებრივად – ეს არის განათლება. ტესტისა თუ გამოცდის ჩაბარების მოკლევადიანი ამოცანებზე გასვლა, ცხოველებთანაც მიღწევადია. ამდენად, ამ ინდიკატორების შესრულებულად მონიშვნა, განათლების გადაცემის მისიას მიღწეულად ვერ აქცევს. მიუხედავად ცხოველთა მიმართ უპირობო კეთილგანწყობისა, მე, მაინც ადამიანურ გარემოს ვარჩევ საცხოვრებლად, გარემოს ადამიანური მიდგომებით, მათ შორის ცხოველების მიმართ.
მათ, ვინც ახლა პროფესიას ირჩევს, იმაზე უნდა იფიქრონ, თუ რა აინტერესებთ სინამდვილეში, რისი კეთება აღელვებთ ან რისი შესწავლა სურთ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ არაფერი იზიდავდეს ახალგაზრდას დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ეს ნორმალურია. არა უშავს თუ სკოლის დასრულებისთანავე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ იმაზე, რა უნდათ რომ მომავალში აკეთონ. შეუძლიათ აიღონ პაუზა და გამოიყენონ ის რაიმეს მოსასინჯად. საერთოდაც, ვთხოვდი, ბევრი რამ მოესინჯათ, ბევრი ამპლუა მოერგოთ, ბევრი სხვადასხვა ცოდნა დაეგროვებინათ.
სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებლობის და საკუთარ საჭიროებებსა და მომავალზე პასუხისმგებლობის აღების ეტაპი. ამდენად, თუ რაიმე პროფესიისადმი მიზიდულობის გამო არა, ღირსეული, რთულად წასართმევი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სახელით მაინც ღირს არჩევანი რაიმე საქმეზე შეაჩერონ. ვნება და გატაცება გზად წამოეწევა და დროთა განმავლობაში, საკუთარი თავის ძიების პროცესში გაკეთებულ აღმოჩენებთან ერთად, პროფესიის კონტურებიც მოიხაზება, ან პირიქით…
2005 წელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოწვევით, ამერიკიდან, მონტანას უნივერსიტეტიდან ჩამოსული იყო ცოლ-ქმარი, ერთ-ერთი მათგანი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეორე სამართლის. როგორ მოხდა შერჩევა არ მახსოვს, (ალბათ, დაინტერესება ვინც გამოხატა და ენობრივ კომპეტენციას ვინც ფლობდა, ამის მიხედვით შედგა სია) მაგრამ მე მოვხვდი მონაწილეთა სიაში და მომეცა შესაძლებლობა, ორი კვირის მანძილზე, ამერიკელ ცოლ-ქმართან ერთად წამეკითხა ჩემთვის ისედაც საყვარელი ნაწარმოები „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და პირველად გავცნობოდი „სკოპის პროცესს“. ამ ნაწარმოებებს განვიხილავდით, როგორც ბოლო წლების ამერიკული დემოკრატიის განვითარების თვალსაჩინო ილუსტრაციას, თავისი შავი ლაქებით და მიღწევებით. ვკითხულობდით საჯაროდ, გვქონდა საშინაო დავალებები და შუალედებში, ტესტური ფორმით მიღებულ ცოდნას ვადასტურებდით. წიგნების დასრულების შემდეგ ვაწყობდით ამავე წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აკადემიური გამოცდილება.
სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად ბევრი წაიღონ უნივერსიტეტიდან და საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან. ეს პროცესი გულისხმობს იმასაც, რომ სხვის მიერ შექმნილ-შემოთავაზებულის მიიღებასთან ერთად თავად სცადო შესაძლებლობების შექმნა, თავად ჩაუდგე სათავეში წამოწყებებს. ცხოვრება შესაძლებლობებს ხან ავანსის სახით გვთავაზობს, ხანაც ბონუსის. ასე რომ, ჯერ ვერმიღებული ან მომავალში მისაღები ბონუსების ლოდინში ნუ დაიკრეფენ გულზე ხელებს და თუ რამ ავანსი გამოჩნდეს, ჩაეჭიდონ და მერე ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს…