მარიკა ვაჭარაძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული

👩‍🎓 – პროფესიით ჟურნალისტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
მარიკა ახლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელობს; ამასთან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კოორდინატორია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში; ასევე, ფერმერ ქალთა ასოციაციის კოორდინატორი იმერეთის რეგიონში და რეგიონალური ინიციატვების ცენტრი „ნათელი მომავალი“ დამფუძნებელი;
“ჩემთვის 90-იან წლების ნათელი წერტილი უნივერსიტეტი იყო. მიუხედავად გაყინული აუდიტორიებისა და უტრანსპორტობისა მაინც ვახერხებდით მიგვეღო უნივერსიტეტიდან ის რა მიზნითაც პირველ დღეს შევაღეთ კარი. ამ პერიოდმა და უნივერსიტეტმა მასწავლა ბრძოლა სიმართლისთვის და დამანახა, რომ ცოდნა ყველა პრობლემის გადაჭრაში დამეხმარებოდა; შემძინა ადამიანები და მომცა ურთიერთობები, რომელიც დღემდე ძვირფასია;
უნივერსიტეტში ერთი ძალიან კარგი ლექტორი მყავდა – გიორგი ასათიანი, რომელიც რადიო ჟურნალისტიკას გვასწავლიდა. ყოველთვის ღიმილით შემოდიოდა ლექციაზე და უზომოდ უყვარდა თავისი საქმე. მაქსიმალურად ცდილობდა ეს მუხტი ჩვენამდე მოეტანა და ახერხებდა კიდეც. პარალელურად, პრესის სახლში განთავსებულ რადიო „ქუთაისში“ მუშაობდა, ჩემი სამსახურიც იმავე შენობაში იყო და ხშირად უნივერსიტეტიდან პრესის სახლამდე ერთად მივდიოდით ფეხით; ფაქტობრივად ეს გზა დამატებითი ლექცია იყო ჩემთვის.
პროფესია ბევრი ბრძოლის შემდე ავირჩიე! – კი ასე იყო, რადგან ოჯახში სამი თაობა ექიმები იყვნენ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მეც ექიმობას ავირჩევდი; „თეთრი ხალათი მოგიხდებამ“ არ გაჭრა… დღეს იუმორით ვიხსენებ ამ პერიოდს, რადგან „გადაფიქრების“ პროცესში ოჯახის წევრებს ნათესავები, მეგობრები და მეზობლებიც ეხმარებოდნენ. ჟურნალისტიკას კი არ აპროტესტებდნენ, უბრალოდ ვერ მიმეტებდნენ რთული სამსახურისთვის. მაშინდელი მედია გარემოც არ იყო მრავალფეროვანი და შესაბამისი კითხვაც ისმოდა – სად იმუშავებ? მე გამიმართლა… გადაწყვეტილება ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც სულ მახალისებდნენ. ასევე მნიშვნელოვანია ბებიაჩემის წვლილიც, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი და ღირსების ორდენის მფლობელი იყო. ხშირად მაწერინებდა თავისუფალ თემას, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მთავარია იაზროვნო და წაკითხული სწორად გაიაზრო. ერთ ფაქტს გავიხსენებ, საატესტატო გამოცდას რომ ვაბარებდი თავისუფალი თემა მოვიდა „საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს და 21-ე საუკუნის დასწყისში“; თუმცა ასევე იყო გრიგოლ ხანძთელი და ჯავახიშვილი; მანამდე ბებიასთან როცა სავარაუდო თემებს გავდიოდი შევთანხმდით, რომ თუ ხანძთელი მოვიდოდა – დავწერდი. თუმცა, გამოცდაზე თავისუფალი თემა ავირჩიე… იმ დროს ხუთიანი იყო მაღალი ნიშანი, რაც სკოლამ ვერ დაწერა, ვერ დაწერა განათლების განყოფილებამაც, რადგან პოლიტიკური შტრიხები იკვეთებოდა. თემა განათლების სამინისტროში გაიგზავნა და დაიწერა ხუთიანი… ეს იყო გადამწყვეტი, დავრწმუნებულიყავი პროფესიული არჩევანის სიზუსტეში. არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება, თავისი წარმატებებით თუ დამარცხებებით, გამოწვევებით და სიახლეებით.
ზოგადად, განათლება არის ცხოვრების იარაღი იარო წინ, განვითარდე და გაუზიარო სხვას; ეს გაძლევს შესაძლებლობას არ შეგეშინდეს ცვლილებების და გამოწვევების; განათლება გასაღებია ყველა დაკეტილი კარის ფართოდ გასახსნელად. თუმცა, განათლებას უდაოდ სჭირდება გონიერებაც და შესაბამისი ღირებულებები, რათა სწორად გამოიყენო ის.
ვინც ახლა აკეთებს პროფესიულ არჩევანს ვეტყოდი, რომ არ არსებობს „ფულიანი,“ „მოდური“ და „პრესტიჟული“ პროფესიები. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ქმნიან პროფესიებს „მოდურს“, „ფულიანს“ და „პრესტიჟულს“! გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად შეაფასეთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, გაეცანით ამა თუ იმ პროფესიის გამოწვევებს, მოუსმინეთ სხვებს, ჰკითხეთ რჩევები პროფესიონალებს, მერე კი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ”.
Image may contain: 1 person, text