ბექა ძოწენიძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული
ბექა ძოწენიძე – სამართალმცოდნე
“2018 წელს მოვიპოვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში. ამავე წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ექსპერტ-შემფასებლის ორწლიან, დუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2020 წლის შემოდგომიდან ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი საჯარო სამართალში და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კურსანტი.
სხვადასხვა წლებში ვსწავლობდი კონრად ადენაუერის პოლიტიკური განათლების აკადემიაში, ბერკლის უნივერსიტეტისა და ფილანტროპიის უნივერსიტეტის ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე „ადვოკატირება და ცვლილებების თეორიის შექმნა“; გავლილი მაქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიცირებული პროფესიული სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულიად დამიფინანსა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა. სხვადასხვა დროს ვსწავლობდი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო მოდულზე; ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD დემოკრატიის სკოლაში და CIPPD-ის მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის პროგრამას; მოგვიანებით, EECMD-ის, USAID-ისა და EPRC-ის ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე, სახელწოდებით DRIVE Democracy. მონაწილეობა მაქვს მიღებული 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ ტრეინინგში, სასწავლო კურსსა და კონფერენციაში. მათ შორის გამოვყოფდი, ჰარვარდის უნივერსიტეტის “ადამიანის უფლებების თეორიის და ფილოსოფიის“ სასწავლო ტრეინინგს, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ სასემინარო კურსებს და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტებს.
18 წლის ასაკიდან ამ დრომდე მიმუშავია საარჩევნო სისტემებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუტორად (სამართლის მიმართულებით); სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში (CSI); თსუ-სა და ფილანტროპიის უნივერსიტეტებში. წლებთან ერთად ჩემი აკადემიური პორტფოლიო გამდიდრდა სერთიფიცირებული სამოქალაქო განათლების მასწავლებლის და პროფესიული განათლების სტატუსებით; საარჩევნო მოხელის, “სწავლების ასისტენტისა“ და ადმინისტრაციული უნარების სასერტიფიკაციო გამოცდების წარჩინებით ჩაბარებით.
ამჟამად, ვარ საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში. ამ უნივერსიტეტის გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია, ვინაიდან მაქვს საქმიანი ურთიერთობა ქვეყნის მასშტაბით დარგის წამყვან სპეციალისტებთან და ვმონაწილეობ უმაღლესი ხარისხსის განათლების მართვისა და ზოგადად, ცოდნის გავრცელების პროცესში.
ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში, განსაკუთრებით ღირებულია სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებსა და დირექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. რეგიონალური წარმომადგენლობის ფარგლებში, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვადასხვა სასწავლო და კომერციულ ორგანიზაციებთან კოლაბორაციით , ვახორციელებთ სასწავლო მოდულებს და მასტერკლასებს. ასობით ჩატარებულ ღონისძიებაში – ბოლო, ყველაზე მასშტაბური და თვისობრივად ახალი ტიპის სასწავლო პროდუქტი იყო “მედია სამართლის“ სერტიფიცირებული პროგრამა, რომლითაც ქუთაისის მედია სკოლის მოსწავლეები გადავამზადეთ.
აკადემიური საქმიანობა ჩემი პროფესიული განვითარების უწყვეტობის ნაწილად მიმაჩნია. ამდენად, მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო ლექციები განათლების სამართალსა და მედია სამართალში, სამოქალაქო განათლებაში, იურიდიულ წიგნიერებასა და განათლების ფილოსოფიაში.
მაქვს კვლევით და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება. ვარ ავტორი პოლიციის მიმართ ნდობის კვლევის ნაშრომისა, რომელიც განვახორციელეთ პროექტის „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ეგიდით და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ვარ თანაავტორი რეგიონული განვითარების გზამკვლევის და მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემების ანალიზსა და მართვის სტრატეგიაში, რომელიც მომზადდა პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ. პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. დოკუმენტის შემუშავება მიზნად ისახავდა ამომრჩევლის იმგვარ გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს.
დღევანდელი ბექას ინტერესები და მისწრაფებები ძალიან განსხვავდება იმ ბექასგან, რომელიც 11 წლის მანძილზე დაკავებული იყო აქტიური სპორტით და ჰქონდა მიღწევები. გარდამტეხი აღმოჩნდა პროფესიული არჩევანი, რომელიც განაპირობა სპეციალობაზე არსებულმა მაღალმა კონკურენციამ, რაც ჩემთვის საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც შესაძლებლობების გადამოწმების საშუალებას მაძლევდა. საკუთარი თავის გამოწვევა წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, უნივერსიტეტში სწავლის პროცესში, აღმოვაჩინე, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად მჭირდებოდა არაფორმალური განათლების მიღება, დამატებითი უნარ-ჩვევების დაუფლება.
განათლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთ სენტენციაში თავსდება, კერძოდ: „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“. ყველა მიღებული ცოდნის საფუძველი უნდა იყოს შემდგომში მისი რეალიზების სურვილი. ზოგადად, მიმაჩნია რომ, სამყაროში არსებული ყველა პრობლემის სათავე არის ან გაუნათლებლობა ან განათლების რეგრესი. ადამიანს უნდა რომ იპოვოს რაღაც საფუძველი, რომ დადგეს მყარად, ეს იქნება ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური თუ სხვა. მას რაიმემ უნდა მისცეს საფუძველი, რადგან ძალიან ძნელია ჰაერში ყოფნა. ჰაიდეგერი, სწორედ ამას აღნიშნავს, როდესაც ყოფიერების ნაპრალში გაძლებაზე აპელირებს. ჩემი აზრით, განათლება არის სწორედ ასეთი საფუძველი, რომელიც ადამიანს აძლევს სიმყარეს და ეხმარება ყოფიერებასთან გამკლავებაში.
სტუდენტებს ვურჩევდი მაქსიმალურად პრაგმატულად მიუდგნენ საკუთარ არჩევანს და მისი განხორციელებისათვის, კვალიფიციურ სპეციალსტად ჩამოყალიბებისათვის იმუშაონ 24/7-ზე. ამასთან, მიუხედავად სპეციალობისა და დარგისა, იქნება ეს ტურიზმის მენეჯმენტი თუ ენერგეტიკა, ყველა სტუდენტს ვეტყოდი იკითხონ ბევრი, ძალიან ბევრი და განსაკუთრებით კი ფილოსოფიური ლიტერატურა.
საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში გამარჯვებისათვის უნივერსიტეტის მხრიდან გადმოცემული ერთობლივი მადლობის სიგელი, რომელსაც ხელს აწერენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და უნივერსიტეტის რექტორი.
უნივერსიტეტს ვუსურვებდი საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილის შენარჩუნებას და მეტ საერთაშორისო აღიარებას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურ თანამშრომლობას და ერთობლივ წარმატებას.