სალექციო კურსი: სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა

 

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსზე „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი

„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. სალექციო კურსის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს  დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

სალექციო კურსი მოიცავს სამ სამდღიან სემინარს, რომლებიც ჩატარდება არსებული რეგულაციების შესაბამისად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ან ონლაინ სივრცეში.

  • პირველი სემინარი გაიმართება მარტში და თემატიკა მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე; სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე;
  • მეორე სემინარი გაიმართება აპრილში. იგი დაეთმობა თანამედროვე სახელმწიფოს გამოწვევებს და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სოციალური პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები.
  • მესამე სემინარი გაიმართება მაისში. სემინარის თემატიკა მოიცავს ნაციონალიზმის საკითხებს, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ისტორიასა და დღევანდელობას.

სემინარების ციკლის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში.

პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი: 20-30 წელი;
  • სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებსაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით.

პროექტის მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა. https://docs.google.com/forms/d/1pj15a4TMffn7waKI_lKYsWa4eeo8LEBW2uh4_O_lek0/viewform?edit_requested=true

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 14 თებერვალი.

პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი.”

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ana.dvali@caucasianhouse.ge

კავკასიური სახლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „International Alert“–ის  ერთობლივი პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით