მირიან ჯანგველაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული
პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. ფაქტობრივად, გამოცდილების გარეშე გიწევს აირჩიო საქმე, რომლის კეთება ყოველ დღე მოგიწევს. პროფესიაზე ფიქრისას ძალიან ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო: მოგწონს თუ არა ეს საქმე, რამდენად გაუმკლავდები მას, შემოსავლიანია თუ არა… მე ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით და ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვებზე შევაჩერე.
ჩემი პროფესია იმ ადგილთანაა დაკავშირებული, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ქალაქი ფოთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპორტო ქალაქია. მთელი ბავშვობა ვხედავდი ზღვის ნაპირთან მომდგარ გემებს, რომლებსაც ტვირთავდნენ, მერე კი ცილდებოდნენ ნაპირს და ჰორიზონტზე იკარგებოდნენ. მიჩნდებოდა კითხვები, თუ როგორ მოდიოდა ტვირთები ჩვენამდე, რა პროცედურებს გადიოდნენ ტვირთის მფლობელები, მიმღები კერძო პირები ან თუნდაც, დროებითი საწყობი საბაჟო ტერმინალები. ამიტომაც გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა საქმე, რომელიც, მერწმუნეთ, საპორტო ქალაქში მცხოვრები ადამიანის პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 წლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დაგროვების შედეგად დღეს უკვე MSC-ის შვილობილი კომპანია Medlog Georgia-ში გამშვები ბიუროს ოპერატორის პოზიცია მიჭირავს. ჩემი პასუხისმგებლობაა კონტეინერების მიღება, მათი დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამული ანგარიშგება.
თეორიულ სწავლასთან ერთად, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც, უამრავი სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანის გაცნობის და მათთან თანამშრომლობით შევიძინე.
ვფიქრობ, ბევრი შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩემი პროფესიის პირველ საფეხური უკვე გავიარე, მომავალში მინდა კიდევ უფრო გავზარდო ცოდნა და ავიმაღლო კვალიფიკაცია, რათა წარმატებული ვიყო იმ სფეროში, რომელიც თავად ავირჩიე და შევიყვარე.