ქეთევან კუბლაშვილი – აწსუ-ს კურსდამთავრებული

ქეთევან კუბლაშვილი – უფროსი ლიდერი მასწავლებელი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
“2011 წელს სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დავასრულე პედაგოგიური ფაკუკტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2018 წელს კი მივიღე განთლების მეცნიერებების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა და მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2014 წელს მუშაობა დავიწყე შპს N1 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მუშაობამ განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება. ახლა ჩემს საყვარელ საქმიანობას აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ვემსახურები. დიდი პასუხისმგებლობაა ასწავლო სკოლაში, სადაც ის ადამიანები სწავლობდნენ, რომლებმაც მე-20 საუკუნის ქართული კულტურა და აზროვნება შექმნეს.
ვერ წარმომიდგენია ვინ უნდა ვყოფილიყავი, თუ არა მასწავლებელი. ეს პროფესია ბავშვობიდან მიყვარს. ყველა მოაჯირზე, კედელსა თუ ღობეზე მოპარული კირით ვწერდი მაგალითებს. იქვე, ფანჯრის რაფაზე, ან კიბეზე ჩამომსხდარი თოჯინებიც განაბული მისმენდნენ. ბავშვობის თამაში რეალურ და საყვარელ პროფესიად ვაქციე, რომლის გარეშეც უბრალოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, რომ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად, მთავარია, გიყვარდეთ ბავშვები და როგორც ამბობენ, არ გაჩერდეთ, როცა დაიღლებით, გაჩერდით, როცა დაასრულებთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ.
საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ : ,,თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“ რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებ. წინ ძალიან ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს. აქტიურად ვარ ჩართული USAID_ის საბაზისო განათლების პროგრამაში ლიდერი მასწავლებლის სტატუსით, ასევე სხვა ღონისძიებებსა თუ პროექტებში, რაც ხელს უწყობს ჩემს პროფესიულ განვითრებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა, რათა სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს მოსწავლეებისთვის.”