ტატა გულუა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ტატა გულუა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკაში.

„ახლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელი ვარ და პარალელურად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ.

უცხო ენების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ ენებისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის შესწავლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე უცხო ენების ცენტრში მუშაობა. სადაც, მთარგმნელის, თარჯიმნის და მასწავლებლის ფუნქციებს ერთდროულად ვასრულებდი. მოგვიანებით, პრაქტიკიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობის დროს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. შემდეგ კი იყო უნივერსიტეტი და სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, რაც მეტ თავისუფლებას ნიშნავდა. ამან ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა. დღეს უკვე ენის სწავლის მეთოდიკაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, ამის შესწავლით ჩემი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უცხო ენის სწავლის პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.

ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი იყო ძალიან რთული, თუმცა ნაყოფიერი. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, მთავარი მონდომება და შრომაა.

ზოგადად, განათლება არის შესაძლებლობათა ულევი წყარო. თითოეული ადამიანის ხელშია საკუთარი უნარების განვითარება. იმათ, ვინც დღეს ირჩევს პროფესიას ვურჩევ, კარგად გაერკვნენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებში. ბევრი რამე ნახონ და სცადონ. აუცილებელია იგრძნო, რომ შენი მომავალი პროფესიით განსაზღვრული საქმიანობა ძალიან გიყვარს. ასევე, არასდროს შეეშინდეთ თავიდან დაწყება, რადგან თითოეული ნაბიჯი ცოდნა და გამოცდილებაა. მთავარია, თვითრეალიზაცია იწვევდეს კმაყოფილებას, ხოლო დაგეგმილი ნაბიჯი მოუთმენლობას.“