ირაკლი ვაჩიბერაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

ირაკლი ვაჩიბერაძე – ჟურნალისტი
ერთ წელზე მეტია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ვარ. 16 ქალაქი და 500 მეტი სოფელი – ეს ის არეალია, რომელიც ჩემს ბიუროში შედის. სწორედ ამ პერიმეტრის მონიტორიგნი მევალება ყოველდღიურად. ვმუშაობ არხზე, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს პირველი მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში და მაყურებელს დროული და გადამოწმებული ინფორმაცია სხვაზე ადრე მიაწოდოს.
2010 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
პროფესიის არჩევისას დიდ ხანს არ მიფიქრია, რადგან ის რომ ჟურნალისტი გავხდებოდი ბავშვობიდან ვიცოდი. დაწყებითი სკოლის პერიოდიდან მიყვარდა მოვლენებისთვის თვალის მიდევნება, შეფასება და მათი მოყოლა. ამიტომ, როცა პროფესიული არჩევანის წინაშე ვიდექი ყველაფერი ცხადი იყო -მე ჟურნალისტი გავხდებოდი.
უნივერსიტეტმა მე, როგოროც ჟურნალისტს, ის პროფესიული უნარ-ჩვევები გამომიშუვა, რომლებიც ამ პროფესიის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს. აკადემიური პერსონალი კი ის პროფესიონალთა გუნდია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პროფესიონალები გაზარდოს. უნივერსიტეტში სწავლა ყველა სტუდენტისთვის განსაკუთრებული ისტორიაა, რომელსაც წლების შემდეგ ტკბილად და იუმორით იხსენებ. სივრცე, რომელშიც სკოლის დამთავრების შემდეგ ხვდები სავსეა მოულოდნელი აღმოჩენებით, ემოციებით და ურთიერთობებით.
ძნელია განათლებას ყოვლისმომცველი დეფინიცია მოუნახო, რადგან ის თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად, კაცობრიობისთვის, უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელი მიღწევაა. ჩემითვის კი ის ცხოვრების მთავარი იარაღია, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიყო უკეთესი და ვისწრაფოდე უფრო მეტისკენ.
თითოეული ადამიანი, რომელიც პროფესიული არჩევანის წინაშე დგას, ვფიქრობ, მკაფიოდ უნდა ხედავდეს პრიორიტეტებს და განსაზღვრული ჰქონდეს სამომავლო ქმედების ტაქტიკა. თუმცა, ყველაზე მთავარი თავისუფლებაა – თავისუფალი არჩევანი პროფესიაში, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა.
როგორც მოქმედ ჟურნალისტს, მიმაჩნია რომ მთავარი რჩევა მომავალი კოლეგებისთვის იქნება სწავლების პირველივე დღეებიდან თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გამყარება. სტაჟირება და პრაქტიკული საქმიანობა არის ის, რაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ჟურნალისტისთვის აუცილებელი და შეუცვლელია.