სოფო საკანდელიძე აწსუ-ს კურსდამთავრებული
– საბავშვო ლიტერატურული კლუბის “წიგნების თაობა” დამფუძნებელი.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2014 წლებში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
უნივერსიტეტში მოხვედრა ჩემი შრომის შედეგი, სტიმული და მოტივაცია, აბიტურიენტობის შესანიშნავი ნაყოფი იყო. ამავდროულად, ლტოლვა უფრო მეტი შედეგისთვის, ჩვენ ხომ საკუთარი ზრდისთვის ვსწავლობთ, სწორედ ეს მადა აღმიძრა უნივერსიტეტმა, მომცა მუხტი, რომ დამოუკიდებლად ჩემი სურვილების მბრძანებელი ვყოფილიყავი. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, მთავარია, ბედნიერი იყო!
ჩემი პროფესია იმ ბავშვობის დღეებს უკავშირდება რომლებიც კლასობანას თამაშით მთავრდებოდა. ცარცით დასვრილ მუხლებს ვიფერთხავდი, ეზოში მოთამაშე ბავშვებს შევძახებდი, რომ ხვალ ახალი გაკვეთილი გვექნებოდა. გავიზარდე, ცარცი სულ გადამავიწყდა, თუმცა ახალი გაკვეთილები ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩა. დღეს ყველაზე დიდ კლასობანას ვთამაშობ, ეს “დიდი გაკვეთილია”.
საუკუნეების მანძილზე ბევრი სხვადასხვა ადამიანი შეეცადა განათლების ახსნას, ტერმინის ზუსტად განმარტებას, თუმცა განათლების დიდი ძალაც სწორედ იმაშია, რომ განათლების გაგება ერთგვაროვანი არ არის და ყველას საკუთარი ახსნა-განმარტება აქვს. ჩემთვის განათლება დილით ფართოდ გაღებული ფანჯარააა , ახალი ენერგიის ჩასუნთქვა ახალი შესაძლებლობების დასანახად. ჩემი საქმიდან, წიგნების თაობიდან გამომდინარე, ბავშვებთან ხშირმა ურთიერთობამ და მათზე წლების მანძილზე დაკვირვებამ დამანახა, რომ განათლება სწორად დასმული შეკითხვაა… სწორედ კითხვებმა და მათზე პასუხის უსასრულო ძიებამ შექმნა ჩვენი ცივილიზაცია.
ვინც ახლა აკეთებს პროფესიულ არჩევანს იმათ ვეტყვი, რომ ის გამოხვალ, რისიც გჯერა! შესაძლებლობები უსაზღვროა, მიეცით თქვენს აზრებს და სურვილებს თავისუფლება.
შესაძლებლობები რომ უსაზღვროა, ამაში პანდემიით შექმნილი კრიზისისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რეგულაციების გამო „წიგნების თაობის“ ბავშვებთან ფიზიკურად შეხვედრის შესაძლებლობა არ გვქონდა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ჩვეულებრივზე მეტი დრო გამოგვიჩნდა, ირგვლივ კი სულ უფრო მეტი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას. ამიტომ წამოვიწყეთ საქველმოქმედო კამპანია, რომელმაც საბოლოოდ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომელზეც ორგანიზატორებსაც კი არ გვიოცნებია.
წიგნების თაობა ამ კრიზისმა კიდევ უფრო გაზარდა. ვგრძნობ, რომ გრძელვადიან გეგმებზე ორიენტირებული გავხდი. ახლა უფრო მეტ სცენარს წარმოვიდგენ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ჩვენნაირი პატარა ბიზნესისთვის არ იქნება რთული ძალების აღდგენა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გამოცდილებით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება ჩვენი სამუშაო პროცესი”.