პაპუნა ჩიქოვანი აწსუ-ს კურსდამთავრებული

პაპუნა ჩიქოვანი –  ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი.
„ჩემი ინტერესი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მიმართ ბავშვობიდან მოდის. მამა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წლების მანძილზე მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხნის გენერალურ დირექტორად, სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა ხილის კონცენტრატს ევროპაში გასატანად. ამის დამსახურებით საკმაოდ კარგი აპარატურა გვქონდა სახლში და ალკოჰოლური სასმელების მიმართ ჩემი ინტერესი, ალბათ მამის ფაქტორმა და იმ ტექნიკურმა აღჭურვილობამ განაპირობა, რაც იმ დროისთვის სახლში გვქონდა. ღრმა ბავშვობიდანვე ვამზადებდით სახლში უნიკალურ ღვინოებს. ამ პროცესში ჩემი ჩართულობაც საკმაოდ დიდი იყო. როდესაც წამოვიზარდე უკვე მარტო ვუძღვებოდი ალკოჰოლური სასმელების დამზადებას საოჯახო მიზნებისთვის.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ვესწრებოდი კონფერენციებს ამ მიმართულებით, რამაც ჩემი პროფესიული ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად, უნივერსიტეტში ჩაბარებამდეც მქონდა მეღვინეობის შესახებ საბაზისო ცოდნა.
ვფიქრობ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ბალანსში უმნიშვნელოვანესია. მსოფილიოში ცნობილი არაერთი ქართული ჯიში, ვითვლებით ღვინის სამშობლოდ, თუმცა დღემდე ცოტა გვხვდება ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები. ქვეყანა განიცდის განათლების ძლიერ დეფიციტს ამ მიმართულებით. აუცილებელია ამ დისციპლინების მეტად პოპულარიზაცია.
2010 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამაზე, ვისწავლე ბაკალავრის საფეხურზე. ჯერ კიდევ ბაკალავრის საფეხურზე სწავლისას პროფესორ ალექსანდრე ჩუბინიძესთან ერთად გამოვეცით მცირე წიგნი „ ნატურალური ღვინის ცნებისათვის,“ სადაც განხილული იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებული ღვინის ხარისხთან.
სამაგისტრო პროგრამად ავირჩიე ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგია და დავიცავი სამაგისტრო თემა „საკონიაკე სპირტების დაძველების ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევა“ პროფესორ თემურ ღვინიანიძის ხელმძღვანელობით. ახლა დოქტორანტურის საფეხურზე ვარ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს აკადემიური საფეხური სახელმწიფოს სრული დაფინანსებით გავიარე.
სტუდენტობის დროს მხოლოდ საკუთარი პროფესიის შესწავლით არ შემოვიფარგლებოდი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფს. ვმუშაობდით არაფრომალური განათლების გზით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებაზე. განვიხილავდით ბევრ მნიშვნელოვან საკითხს და ვმსჯელობდით აქტუალურ თემებზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უნდა ითქვას, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტს სათანადოდ ძლიერი ტექნიკური ბაზა არ ჰქონდეს, მაგრამ აკადემიური პერსონალის სახით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც უშურველად გვიზიარებენ ლექტორები.
უნივერსიტეტში სწავლას ახლაც ვაგრძელებ. ამჟამად უკვე დოქტორანტურის საფეხურზე. სადოქტორო დისერტაცია გადავწყვიტე დამეცვა ანტიოქსინდანტურ პოლიფენოლურ ნაერთებზე. ძირითადად ეს ნაერთები ღვინოში შედის. სადოქტორო კლევის თემაზე ჯერ კიდევ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის დროს ჩამოვყალიბდი. მაგსიტრატურის მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც პროფესორ თემურ ღვინიანიძის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევის გრანტი მოვიპოვე, რომლის საშუალებითაც აღვიჭურვეთ კვლევისთვის საჭირო ტექნიკით.
ფონდიდან მოპოვებული გამოყენებითი გრანტის მთავარი იდეაა შევქმნათ ისეთი სიახლე, რასაც მომავალში ვინმე, ან ჩვენ თვითონ ჩავუშვებთ წარმოებაში. ჩვენ შემთხვევაში მთავარი იდეაა შევქმნათ ძლიერ ანტიოქსიდანტური კონცენტრატი, რომლის გამოყენება მრავალი მიმართულებით იქნება შესაძლებელი. მაგალითად უჯრედული დაბერების წინააღმდეგ. ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი წითელი ღვინოა. ჩემი კვლევა ცალსახად ღვინოს შეეხება. კვლევა დეკემბერში სრულდება და უკვე წინასწარი შედეგები, რომელიც ლაბორატორიაში გამოვიკვლიეთ საუცხოოა. რამდენიმე ხელსაწყოს კიდევ ველოდებით, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ კონცენტრირებას ტემპერატურის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნეოვანია, რადგან ვაკუუმითა და გაყინვით ვაღწევთ კონცენტრირებას ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნაერთების დაშლის გარეშე. ამ და მსგავს საკითხებზე წარდგენილია 3 სხვადასხვა განაცხადი საერთაშორისო საავტორო უფლების მოსანიჭებლად.
ამჟამად გამოქვეყნებული მაქვს არაერთი სამეცნიერო სტატია საერთაშორისოდ რეფერირებად და ციტირებად ჟურნალებში. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული გრანტი იქნება.
ამჟამად გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა ვმუშაობ პრაქტიკულ მეღვინეობაშიც. ჩამოსხმული მაქვს ლიქიორული ღვინო „ პაპუნასეული “, რომელიც რამოდენიმე ჯიშის ყურძნის სეპაჟირებითა და კუპაჟირებითაა მიღებული. ამას გარდა შეიცავს ფორთოხლის ნატურალურ წვენს. ღვინო ჩამოსხმულია სასაჩუქრედ ჩვენს – „ჩიქოვანების მამულში“. ამას გარდა ვმუშაობ სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ძველი ტექნოლოგიების დახვეწაზე.
ბევრ ქვეყანაში არის ასეთი ტრადიცია, წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც აღწევენ გარკვეულ მიზნებს, ცდილობენ დაეხმარონ მოქმედ სტუდენტებს, რათა მათაც მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. შესაძლოა, ახლა საქართველოში არ ჰქონდეთ ფინანსური მხარდაჭერის მზაობა, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი იცვლება და შესაძლოა, მომავალში კურსდამთავრებულებმა როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ უნივერსიტეტსა და მოქმედ სტუდენტებს. ასევე მზად ვარ სტუდენტებს გავუზიარო ღვინის დაყენების პრაქტიკული გამოცდილება, რასაც მომავალ შემოდგომაზე სტუდენტების ინტერესის შემთხვევაში სიამოვნებით გავაკეთებ“.