გიორგი გოგიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

გიორგი გოგიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
“ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. ასევე, ვარ გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი.
არის პროფესიები, რომელთა გარეშეც კაცობრიობის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა – მათგან პირველი ექიმობაა. ექიმის პროფესია უფრო მეტია ვიდრე კონკრეტული ქმედებების, უნარებისა და ცოდნის სწავლება. ეს არის ადამიანის მოწოდება, მისი მიზანი და ადგილი ცხოვრებაში. ექიმობა არა მარტო სირთულესთან ასოცირდება, არამედ ბევრ ბედნიერ წუთებთანაც, რადგან სიკვდილზე გამარჯვება გმირობასთან გაახლოვებს, შინაგანად ხომ ყველანი გმირობისკენ მივისწრაფით.
ჩემი გააზრებული მეხსიერებიდან მუდამ ექიმობა მინდოდა, რადგან ვთვლიდი, რომ სხვისი დახმარება ღამით მშვიდი ძილის მომტანი იყო.
დღეს რომ პროფესიული არჩევანის გაკეთება მიწევდეს, იმავე გზას გავივლიდი, ბევრი სირთულისდა მიუხედავად.
უნივერსიტეტმა გარდა სამედიცინო განათლებისა, ჩამომიყალიბა უნარ-ჩვევები, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ცხოვრებისეულადაც აუცილებელია და ჩემი წარმატების გზის საფუძველი.
არსებობს ასეთი ცნობილი ფრაზა: “ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის”. თუმცა, მე ამ აზრს მხოლოდ ნაწილობრივ თუ შემიძლია დავეთანხმო. დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდიკასა და სტანდარტს, თუ რას, როდის და როგორ მოგაწვდიან. ეს ძალიან ჰგავს აღზრდის მეთოდს, რაზეც ვერ იტყვი – ვისაც აღზრდა უნდა, ნებისმიერი მშობლის ხელში ერთნაირად აღიზრდებაო. ასევე ვიტყოდი, რომ პიროვნების მიმართ, ნებისმიერი პედაგოგიური მიდგომის შემდეგ, მის ფსიქიკაში რჩება ან ნაკვალევი ან ნაიარევი, რომელიც ყალიბდება კალაპოტად ამა თუ იმ საგნის შესწავლისა. რასთანაც მაქსიმალური სიფრთხილე და პროფესიონალიზმია საჭირო.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას ვურჩევდი, მაქსიმალური სერიოზულობითა და სიფრთხილით მოეკიდონ პროფესიის შერჩევას და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა სურთ აკეთონ მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან თუ აკეთებ საქმეს, რომელიც არ განიჭებს ბედნიერებას, არასოდეს გამოგივა ისე, როგორც ეს თავად შეგიძლია და ჯობია ყველამ გავაკეთოთ არა ის, რასაც ჩვენგან ელიან, არამეტ ის, რაც ჩვენი მოწოდებაა და სადაც ვიპოვით საკუთარ თავს. ამისათვის კი კარგია, პროფესიის არჩევამდე, საკუთარი თვალით შეხედო სამუშაო პროცესს, შიდა სამზარეულოს და მოტივაციაც არ დააყოვნებს”.