თამაზ დევიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდიდარი ისტორიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ღირსეულად აგრძელებს დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის სასულიერო აკადემიის გზას. უნივერსიტეტი დაარსდა 1933 წელს და არსებობის 90 წლის მანძილზე არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა. პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა, შესანიშნავი ბიბლიოთეკა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებმაც შეაპირობა ჩემი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.

პროფესიის არჩევა ამ პროფესიისადმი სიყვარულმა და ჩემმა მოწოდებამ განაპირობა. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც მას სიამოვნებს. ეს წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ  სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – დოქტორანტურაში. ამჟამად ვირიცხები ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსზე.

2019 წლიდან დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად. ვმუშაობ ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მიღებული განათლება ძალიან მეხმარება კვლევით საქმიანობაში, რომელსაც ვასრულებ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

ვფიქრობ, ჩემს კარიერულ წარმატებას, ორი რამ უდევს საფუძვლად. 1. ჩემი სიყვარული პროფესიისადმი, რაც მაძლევს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. 2. მიღებული განათლების ხარისხი – სწავლის პერიოდში შევიძინე საჭირო ცოდნა და აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც მადგება როგორც კვლევით, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაში.უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კონფერენციასა თუ სამეცნიერო სიმპოზიუმში მივიღე მონაწილეობა. უნივერსიტეტი ყოველთვის ხელს უწყობს საინტერესო იდეების განხორციელებას. მეც სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიას ირჩევენ, ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეიძლება შაბლონურად ჟღერს, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს ყველაზე მეტად უნდა მოუსმინო, რადგან არჩეული პროფესია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს. ახალგაზრდამ, რომელიც პროფესიას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს, რომ საყვარელი საქმის კეთება უაღრესად სასიამოვნო პროცესია და კარიერულ წარმატებასაც შეაპირობებს.

უნივერსიტეტს ვურჩევდი, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული საერთაშორისო პროექტებში. ინტერნაციონალიზაცია თანამედროვე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.