ლაშა დეისაძე-შარვაშიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

უპირველეს ყოვლისა, ვსარგებლობ შემთხვევით და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევასა და ამ საპატიო პოზიციის ღირსეულად დაკავებას გულითადად ვულოცავ ბატონ შალვა კირთაძეს და ვუსურვებ წარმატებებსა და მისთვის ჩვეული შემართებით მოღვაწეობას უნივერსიტეტის შემდგომი წინსვლისათვის.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღვნიშნავ, რომ სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან მსურდა, სწავლა გამეგრძელებინა და უმაღლესი განათლება მიმეღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ჩემთვის იმთავითვე ცნობილი იყო იმ მდიდარი ტრადიციების, საგანმანათლებლო-აკადემიური მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უნივერსიტეტს გააჩნია და მათ შორის სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებებით, რომლებითაც ბავშვობიდან გახლდით დაინტერესებული. თან, როდესაც ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არსებობს ამგვარი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი, როგორიც არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არც კი მიფიქრია, სხვა უნივერსიტეტში ჩამებარებინა. აწსუ-ში ჩაბარების შემდგომ კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ მართებული არჩევანი გავაკეთე, რადგან სწორედ იმგვარი გარემო დამხვდა, როგორიც წარმომეგინა და მსურდა. ასევე, ჩემი ორივე მშობელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი არიან და ჩვენი ოჯახისთვის ამ უნივერსიტეტში სწავლა ერთგვარი ტრადიციაც არის.

პროფესიის არჩევას რაც შეეხება, ჰუმანიტარული და სოციალური საგანმანათლებლო სფერო მოსწავლეობიდანვე ჩემი დაინტერესების საგანი იყო, მომწონდა ამ მიმართულებათა დისციპლინები და ვთვლი, რომ ნამდვილად ვიპოვე ჩემი თავი ამ სივრცეში. ახლაც რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება, ნამდვილად იგივე არჩევანი მექნებოდა.

დიახ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე, როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისტრატურა.

ამჟამად ვემსახურები საგანმანათლებლო-აკადემიურ სფეროს, ასევე ვატარებ ტრეინინგებს პედაგოგებისათვის.

ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წარმატებულ კარიერულ გზას რაც შეეხება, მოგახსენებთ: ზოგადად სწორი არჩევანი და შემდგომ მის მიხედვით მოქმედება არის წარმატებული გზის საფუძველი და დასაწყისი ნებისმიერ საქმეში. ვთვლი, რომ პროფესიული გზის მხრივ თავიდანვე მართებული არჩევანი გავაკეთე, რომელიც სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც ჩარიცხვისთანავე კიდევ ერთხელ დამიდასტურდა ჩემი არჩევანის მართებულობა. შესაბამისად, თავიდანვე სწორი გათვლა, ჩემი აზრით, ჩემთვის აღმოჩნდა პოზიტიური შედეგის მომტანი. ასევე, მუდამ ვცდილობ, რომ დაკისრებულ მოვალეობებს მოვეკიდო სრული და მაქსიმალური პასუხისმგებლობით და უპირველეს ყოვლისა არ დავაზიანო მონდობილი კონკრეტული საქმის ზოგადი მდგომარეობა და შემდგომ არ დავიზიანო პირადად ჩემში საკუთარი პასუხისმგებლიანობის შეგრძნება.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიას ირჩევენ,  ვეტყოდი, რომ  უპირველეს ყოვლისა, სათანადოდ გაიაზრონ, რომ პროფესიული არჩევანით გამოწვეული შედეგები ადამიანს მთელ ცხოვრებას გაჰყვება და საკმაოდ მნიშვნელოვან ასახვას ჰპოვებს პიროვნების ზოგად ცხოვრებისეულ და კარიერულ მომავალზე, ამიტომ ვურჩევდი, რომ ღრმა გასიგრძეგანების შემდგომ აირჩიონ პროფესია. ასევე, ჩემი რჩევა მათ მიმართ იქნება, რომ პროფესიის არჩევისას შესაძლოა მოისმინონ და გარკვეულწილად გაითვალისწინონ კიდეც სხვათა მიერ მიცემული რჩევები, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ პირადი შეხედულებისამებრ, რადგან პიროვნება თავად უნდა ხედავდეს საკუთარ თავს, ადგილსა და მომავალს იმ პროფესიაში, რომელსაც ირჩევს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი კონფერენციებსა და საერთაშორისო დონის პროექტებში, რამაც დადებითი გამოცდილებაც შემძინა.

არაერთი ხელშეწყობა მქონია უნივერსიტეტის მხრიდან ჩემს მიერ წამოჭრილი კონკრეტული იდეების განხორციელებისათვის, რისთვისაც, სხვა მიზეზთა და გარემოებათა შორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდამ მადლობელი ვარ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ვითარება ნამდვილად არის მაღალი დონის და ამასთანავე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან უდავოდ მიმდინარეობს შემდგომი წარმატებების მისაღწევად აქტიური ქმედებები, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ასევე ჩართულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. უნივერსიტეტს ვურჩევდი და ვუსურვებდი თავის ტრადიციებსა და არსებულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შემდგომი წარმატებული აქტივობებისა და პროექტების განხორციელებისაკენ სვლას, რომელ გზაზეც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად დგას.