დავით იობიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეული მემკვიდრეა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, რადგან იგი, ფაქტობრივად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა.
1930 წელს გააუქმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წელს, როდესაც კვლავ აღდგა 1930 წელს გაუქმებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გამოიტანეს. მას შემდეგ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერაა. ინსტიტუტში (1990 წლიდან – უნივერსიტეტში) მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები: გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ბარამიძე, ნიკო ბერძენიშვილი, ვარლამ თოფურია, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა და სხვა. დასახელებული მეცნიერების მიერ შექმნილ სამეცნიერო და საგანმანათლებლო წიაღში არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა.
ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები ღირსეულად აგრძელებენ დიდი წინამორბედების მიერ დაწყებულ საქმეს. უნივერსიტეტში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მაღალკვალიფიციური პროფესიული ცოდნა. უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მდიდარი ბიბლიოთეკა. დასახელებულმა ფაქტორებმა განაპირობა ჩემი არჩევანი.
დიდი ხანია დაინტერესებული ვარ სხვადასხვა ენების სტრუქტურის შესწავლით. მაინტერესებს როგორც უცხოური ენები, ისე ქართველურიც. შესაბამისად, პროფესია ავირჩიე ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე. ნათქვამია: „როგორც გიყვარს, ისე აკეთებ (გამოგდის)“. არჩეული პროფესიისადმი ჩემი სიყვარული დიდია, შესაბამისად, იმედი მაქვს – „გამომივა“.
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საკვალიფიკაციო საფეხურზე – დოქტორანტურაში. ამჟამად ვირიცხები ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსზე.
2015 წლიდან ვმუშაობ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. 2019 წლიდან ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვფიქრობ, კარიერულ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათგან დავასახელებ უმთავრესს: 1. საქმისადმი ჩემი სიყვარული; 2. შრომისმოყვარეობა; 3. უნივერსიტეტში მიღებული მაღალკვალიფიციური პროფესიული ცოდნა და კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ახალგაზრდებს, მომავალ სტუდენტებს, ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევამდე კარგად დაფიქრდნენ და საკუთარი კარიერა დაუკავშირონ მათთვის საყვარელ საქმეს. სწავლის პროცესი მხოლოდ ამ შემთხვევაში არის სასიამოვნო, სახალისო და წარმატების მომტანი. უნივერსიტეტში ცოდნის მიღების წლები მყარი საფუძველი უნდა გახდეს მათი მომავალი კარიერისათვის, ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა იშრომონ.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კონფერენციასა თუ სამეცნიერო სიმპოზიუმში მივიღე მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
უნივერსიტეტი ყოველთვის ხელს უწყობს საინტერესო და ინოვაციური იდეების განხორციელებას. პირადად გამოვცადე მსგავსი მხარდაჭერა.
თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია, რომელსაც ყოველთვის და ყველგან აქვს ადგილი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დიდი გონიერება სჭირდება, რათა წარმატებით განახორციელოს თაობათა უმტკივნეულო ცვლა. უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა აითვისოს მომავალი თაობის პროფესიული რესურსი და, ამასთან, ღირსეული პატივი მიაგოს უფროს თაობას. უნივერსიტეტის ცხოვრებაში თაობათა ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
აუცილებელია უნივერსიტეტი უფრო მეტად იყოს ჩართული საერთაშორისო პროექტებში. ინტერნაციონალიზაცია თანამედროვე უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.