ოთარ დეკანოიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია ჩვენს ქალაქში და მთელ დასავლეთ საქართველოს რეგიონში, თავისი მრავალწლიანი ისტორიით. ის სრულად პასუხობდა ჩემს მოთხოვნებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულების მიმართ მქონდა, ბაკალავრიატის პროგრამის შერჩევის დროს.

პროფესიის არჩევას რაც შეეხება,
მიმაჩნია, რომ ექიმობა, სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, შინაგანი მოწოდებაცაა, რომელიც ადამიანს პატარა ასაკიდანვე დაჰყვება. მეც ბავშვობიდან მხოლოდ მედიცინაში წარმომედგინა თავი, ეს სფერო ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გავიარე დიპლომისშემდგომი განათლების ეტაპი ბელარუსში, ქ. მინსკის სამედიცინო აკადემიაში, რეზიდენტურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ინდოეთში, არასანის თვალის ჰოსპიტალში.
ამჟამად ოფთალმოქირურგი ვარ. ვმუშაობ

სამედიცინო ცენტრ „აილაინში’’.

ჩემი წარმატებული კარიერის საფუძველი, პირველ რიგში,  შრომისმოყვარეობა, არჩეული საქმისადმი სიყვარული და ინტერესია, თუმცა, ვფიქრობ, ხარისხიანი განათლების გარეშე ვერაფერი გამოვიდოდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშუალება მქონდა ნამდვილი პროფესიონალებისგან მიმეღო ეს განათლება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით.

ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ რჩევები შეუძლიათ ყველასგან მოისმინონ, თუმცა მომავალი პროფესიის არჩევა მხოლოდ საკუთარ თავს მიანდონ.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციასთან (EMSA – Kutaisi), რომელთა მხარდაჭერითაც ვიმყოფებოდი თურქეთში, ქ. ანკარას რამდენიმე უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტებით.

როგორც წარმატებული სტუდენტი, რამდენჯერმე ვიყავი შიდასაუნივერსიტეტო და პრეზიდენტის სტიპენდიის მფლობელი. ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვისურვებდი მეტი პრაქტიკული დატვირთვა მიმეღო უშუალოდ მაპროფილებელ საგნებში. როგორც ვიცი, უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფართოვებს სტუდენტებისათვის შესათავაზებელ არჩევით საგნების სიას, ვფიქრობ, ეს ნამდვილად დადებითი ტენდენციაა.