მარიამ ნემსაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში არსებული ერთერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 90 წელია სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტზე და ხარისხზე ორიენტირებულ სწავლებას, მაღალაკადემიურ და ადამიანურ ურთიერთობებს. ჩემი არჩევანი განაპირობა უნივერსიტეტის იმ დროინდელმა მზარდმა ცნობადობამ და საინტერესო საერთაშორისო პროგრამებმა, რომლებიც არსებული დროისთვის ბევრად უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, როგორც სტუდენტებისათის ისე აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების აღმასრულებელი პროფესორ-მასწავლებელთათვის. მოხარული ვარ, რომ დღემდე ვიზრდები და ვვითარდები ჩემს Alma Mater-თან ერთად და ჩართული ვარ მისი საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი  მისიის განხორციელებაში.

ჩემს მიერ პროფესიის არჩევა განაპირობა ენების, ლიტერატურისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ დიდმა სიყვარულმა.

უმაღლესი განათლების სამივე საგანმანათლებლო საფეხური დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამჟამად დასაქმებული ვარ რამდენიმე ადგილას:

  1. ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტი- კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. სპეციალისტი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება.
  3. უცხო ენათა კათედრის ხელმძღვანელი- გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია.

წარმატებულ კარიერულ გზას რაც შეეხება, მეტ-ნაკლები წარმატება მხოლოდ საკუთარ თავზე დიდი მუშაობის შედეგად მიიღწევა. განვითარების პროცესში ბევრ უნარს და ცოდნას ითვისებს ადამიანი, მაგრამ არის რიგი პიროვნული თვისებები და ღირებულებები, რომლებიც არანაკლებ აუცილებელია „წარმატების“ მისაღწევად, ესენი შეიძლება იყოს: გულწრფელობა, საქმისა და როგორც მასში ჩართული ადამიანების, ასევე სხვადასხა მოცემულობების სიყვარული, პატივისცემა. საკუთარი და სხვისი საქმისა თუ პრინციპების ერთგულება, მათი გონივრული მიმღებლობა. საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გამოცდის, უწყვეტი განვითარების სიყვარული.

ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია აწი უნდა აირჩიონ, ვურჩევ, სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და შეარჩიონ ის სპეციალობა, რომელიც მათ თავად სურთ. სწორად შერჩეული განათლება და მრავალფეროვანი უნარები  წარმატებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს სიმშვიდის შენარჩუნების ერთერთი ფაქტორია. ჩემი რჩევის უკეთ ფორმირებისთვის მოვიშველიებ ბერძენი ფილოსოფოსის, დიოგენესის სიტყვებს:“განათლება აკეთილშობილებს ახალგაზრდებს, ანუგეშებს მოხუცებს, ღარიბებს ამდიდრებს, ხოლო მდიდრებს ათვინიერებს“.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი საერთაშორისო კონფერენციებში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო მისიისა და ისტორიის გათვალისწინებით,  წარმოადგენს ტრადიციულობისა და ნოვატორულობის სინთეზის ძალიან კარგ მაგალითს. უნივერსიტეტის მმართველი რგოლი, ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი სტუდენტებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების საქმეში.