თამარ ნინიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემს ოჯახში პედაგოგთა თაობები ამ უნივერსიტეტში აღიზარდნენ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ სწავლის გაგრძელება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე.

პროფესიას რაც შეეხება, მიყვარს. ვფიქრობ, საქმის სიყვარული არის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა ქართული ენის გრამატიკა და მიტაცებდა მხატვრული ლიტერატურა, პოეზია. ვფიქრობდი, რომ ჩემი შესაძლებლობების რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი იქნებოდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

ბაკალავრიატის შემდგომ დავამთავრე მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

2011 წლიდან ვარ აწსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების სპეციალისტი. ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა საგნებში ფაკულტეტებზე. ასევე, ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და არაქართულენოვან მოქალაქეებს.

არსებობენ  ნიჭიერი, გამორჩეული ადამიანები, მაგრამ რომლებიც საკუთარ თავს ვერ პოულობენ რომელიმე სფეროში. ადამიანის ნიჭს და უნარს სჭირდება გზა, დანახვა და დაფასება. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში –  ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ პირველი კურსის მაგისტრანტმა დავიწყე მუშაობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამაც განაპირობა ჩემი შემდგომი კარიერული გზა. რომ არა უანგარო, ნიჭის დამფასებელი და სწორი ორიენტირების მქონე ადამიანები, შესაძლოა, ჩემი უნარები სხვა კუთხით მიმართულიყო. რა თქმა უნდა, არ დავშორდებოდი ჩემს საყვარელ სფეროს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გარკვეული წარმატების მიღწევისათვის უფრო მეტი დრო დამჭირდებოდა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, პირველ რიგში, ვეტყოდი,  მოუსმინონ საკუთარ მეს. კარგია მაღალანაზღაურებადი და პოპულარული პროფესიები, მაგრამ ჯობია გულით ნაკეთები საქმე. შესაბამისად, ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა უყვართ და, ასევე, რისი კეთება გამოსდით ყველაზე კარგად. შესაძლებელია, თავიანთი საყვარელი საქმიანობა, ჰობიც კი აქციონ პროფესიად.

პროფესიის არჩევამდე აბიტურიენტი უნდა გაეცნოს იმ უნივერსიტეტის ისტორიას, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებს.  სასურველია, ასევე, რომ წინასწარ იცნობდეს იმ სპეციალობის პროგრამას, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება.

დღემდე ვმონაწილეობ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშირისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

სტუდენტობიდან დღემდე ჩამიტარებია არაერთი ღონისძიება. რამდენიმე წელი ვიყავი სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის თავმჯდომარე, სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მონაწილე (სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ვიქტორინა, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა…) უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურები ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს მათ განხორციელებაში.