თეონა რომელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, აქ დავასრულე მე-40 საჯარო სკოლა. ბუნებრივია, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მხიბლავდა თავისი არსით, ისტორიითა და იმიჯით. ჩაბარებისას არც კი განმიხილავს სხვა ალტერნატივა. ჩემთვის დიდი სიხარული იყო წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა და სასურველი პროფესიის დაუფლება. სწორედ იმ წლებმა განაპირობეს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, იქ ავიდგი ფეხი და მივხვდი- ყველაფერი საუკეთესო წინ იყო, თუმცა მომავალს განაპირობებდა აწმყო.

ვცდილობვდი ხარბად შემესრუტა თითოეული ლექცია, პრეზენტაცია თუ კვლევა. აღმაფრთოვანებდა ლექტორების პროფესიონალიზმი – ლიტერატურაში “ცურვა” და მხარდაჭერა.

ჩემ მიერ პროფესიის არჩევა არ იყო უცაბედი სვლა, მე ბავშვობიდან მიზიდავდა დასავლურ-ევროპული ლიტერატურა, ჯერ  კიდევ მე-6 კლასელს მსიამოვნებდა სხვადასხვა არგუმენტირებული ესესა თუ თავისუფალი თემის წერა და შემდგომ ამის გადმოცემა… ამის ფონზე გავიზარდე, დადგა აბიტურიენტობის ხანა და მივხვდი, დიახ, სწორედ ბუნებითა და მოწოდებით “ჰუმანისტს” უნდა ამერჩია ეს საინტერესო პროფესია და მშობლიურ ენასა და ლიტერატურის სიღრმისეულ შესწავლას დავუთმე ბედნიერი 4 წელი.

უნივერსიტეტის დასრულებისა და დიპლომისაღებისთანავე პროფესიულ განვითარებას დავუთმე გზა უკვე პრაქტიკულ ასპექტში, ჩავაბარე კვლავ გამოცდები და გავხდი სერტიფიცირებული უფროსი სპეციალური მასწავლებელი. გარდა ამისა, გავიარე უამრავი ტრენინგი და განმავითარებელი კურსი. როგორიცაა: ენისა და მეტყველების თერაპია (გავხდი სერტიფიცირებული ენისა და მეტყველების თერაპევტი) და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ პატარებთან, გარდა ამისა, გავიარე ფსიქოლოგია სააღმზრდელობო დარგში , რადგან ვთვლი ნებისმიერი პედაგოგი ვალდებულია იყოს  გადამზადებული კადრი ამ კუთხით და ისე შევიდეს სკოლაში.

დღეს ვარ უფროსი სპეციალური მასწავლებელი. ვმუშაობ ქალაქ ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში, ერთ-ერთ წარმატებულ სკოლაში ქალაქის მასშტაბით.

ჩემი წარმატებული გზის საფუძველია მუდამ განვითარებაზე ფიქრი. ერთია, აიღო დიპლომი და დაიწყო მუშაობა და მეორეა, მუდამ სიახლეს ეძებდე, ტრენიგებს გადიოდე და კოლეგებისგან მეტს სწავლობდე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არ შეჩერებულა ჩემი პროფესიული ზრდა, არამედ ვვითარდებოდი სხვადასხვა კუთხით, ვიღებდი გამოცდილებას.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიას ირჩევენ, ვეტყოდი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განმარტოვდე და დაფიქრდე, რისი კეთება გხიბლავს?სად ხედავ საკუთარ თავს?რა უფრო გიზიდავს?! ხშირად მშობლები უწყვეტენ შვილებს, სად ჩააბარონ და ვინ გამოვიდნენ, ეს კი უდიდესი შეცდომაა, რადგან ინდივიდს უკარგავენ თავისუფსლ ნებას. ჯერ კიდევ როდესაც ბაღში დავდიოდი, თოჯინებს ვამეცადინებდი და რასაც მე მასწავლიდნენ ბაღში, მე მათ გადავცემდი – ესე იგი ჩემი სიღრმისეული მოწოდება პედაგოგიკა ბაღიდან იყო. მინდა, ყველა აბიტურიენტსა და სტუდენტს ვუსურვო წარმატება, მთავარია, გჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია.

არ შემიძლია არ ავღნიშნო უნივერსიტეტის დიდი მხარდაჭერა,  როდესაც სწორედ ჩემმა რამდენიმე თანაკურსელმა და ქალბატონმა ლია ნოზაძემ ჩამოვაყალიბეთ “მკითხველთა კლუბი”.  წარმატებაც, მეგობრობაც, გამოცდილებაც და სულიერი საზრდოც სწორედ ამ კლუბს უკავშირდება. გაჩნდა იდეა – წიგნიერების პრპოპაგანდა… იქ იყო სულიერებისა და ინტელექტის ზეიმი, დასავლური ევროპული ლიტერატურის სრული განხილვა, პრეზენტაციები, სკოლებში ამ პროექტის გატანა და წარმატებით დაგვირგვინება. ამ ყველაფერში უნივერსიტეტისგან სრული მხარდაჭერა გვქონდა სტუდენტებს.