სოფიკო ჭუმბურიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი დიდი და წარმატებული უნივერსიტეტი, რომელიც გამორჩეულია პროფესორ-მასწავლებლებითა და სწავლების მაღალი ხარისხით.
ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: გამორჩევით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით კი მშობლიური ენა და ლიტერატურა. ამასთანავე, სკოლის პერიოდში, ვწერდი ჩანახატებს, რაც კიდევ უფრო დამეხმარა ამ პროფესიის საბოლოოდ არჩევაში.
2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2015 წელს და მომენიჭა ლინგვისტიკის მაგისტრის ხარისხი. იმავე წელს (2015) ჩავაბარე დოქტორანტურაში, ქართული ლიტერატურის მიმართულებით; 2021 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: „გენდერული საკითხი XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობაში“ და მომენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ, მშობლიურმა უნივერსიტეტმა დამასაქმა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში, მოწვეულ სპეციალისტად, რამაც მომცა შესაძლებლობა, მემუშავა ცნობილი და წარმატებული პროფესორების გვერდით და გავზრდილიყავი პროფესიული თვალსაზრისით.
ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი მტკიცე ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომაა.
რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ?
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, აირჩიონ თავიანთი საოცნებო პროფესია, არასდროს მიატოვონ საქმე შუა გზაზე, მუდმივად იმუშაონ სრულყოფისთვის, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს…
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კონფერენციასა და სიმპოზიუმში მიმიღია მონაწილეობა .საერთოდ, უნივერისტეტში უწყვეტად ტარდება სტუდენთა კონფერენციები, სიმპოზიუმები, მოქმედებს საერთაშორისო პროექტები, შესაბამისად, დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ამ მხრივაც მუდმივად იაქტიურონ.
სტუდენტობის პერიოდში, მახსოვს, გვქონდა რამდენიმე იდეა, რომელთა განხორციელებაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აქტიურად დაგვიჭირა მხარი. საერთოდ, ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მხარში უდგას სტუდენტებს ნებისმიერი აქტივობისა თუ იდეის განხორციელებაში.
ჩვენი უნივერიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს კვალდაკვალ მისდიოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, უზრუნველყოფილი ვართ თანამედროვე ტექნოლოგიებით, სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ტარდება არაერთი ტრენინგი და აქტივობა, როგორც პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.