გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ყოველთვის ჩვენს უნივერსიტეტად ვთვლიდი. ისტორიულ-კულტურული მახასიათებლით, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნოყიერი ნიადაგი გააჩნია. მსოფლიო მასშტაბით, არსებობენ უნივერსიტეტები, რომელთა სუბსტანციური მნიშვნელობა იმთავითვე განხორციელებულია და ჟამთასვლის ქარტეხილები ვერას დააკლებენ; ასეთ უნივერსიტეტთა რიცხვს განეკუთვნება ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტი.

ჩემი პროფესიის არჩევა გამიზნული არ ყოფილა. ჩემი ცნობიერი ცხოვრების დასაწყისიდან მოყოლებული, ვიდრე სკოლის დამამთავრებელ კლასებამდე, ჩემში დიაქრონულად ისადგურებდა ფილოსოფიური მრწამსი, ენა და თვისობრივი კულტურა. როცა საკუთარი თავი სრულად გავიაზრე გარდამავალ ეგზისტენცად, ვთქვი: ,,მე ვარ ფილოსოფოსი“… დანარჩენი უკვე ტექნიკური საქმე გახლდათ, უნივერსიტეტის დარგობრივი კომპეტენციის შესწავლა თუ მისაღებ გამოცდებზე გასვლა.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დავასრულე მაგისტრატურა – ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მიმართულებით.

ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ყოველთვის ვიამაყებ, ამა თუ იმ დარგის მრავალი პროფესიონალი მუშაობს აწსუ-ში. დიახ, ჩემი განათლების შესაბამისად ვარ დასაქმებული… რასაკვირველია, ამგვარად უნდა ვთქვათ… სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობა ხომ უმთავრესი პრიორიტეტია ჩემთვის. ნიშანდობლივად კი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნივერსიტეტი მელოდება – ლექტორის ამპლუაში როდის შევაღებ აუდიტორიის კარს.

ვარ ფილოსოფოსი, პოეტი და მწერალი, მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი ,,აფინაჟის“ დამფუძნებელ-რედაქტორი (წელიწადში 5-6 ნომერი გამოიცემა). აქტიურ სახელოვნებო პროცესებს წარვმართავთ, თამამად შემიძლია ვთქვა.

წარმატებული კარიერულ გზას რაც შეეხება, საკუთარ თავში უნდა ეძებოს ადამიანმა წარმატების საფუძველი, მე თუ მკითხავთ, თუმცა მიმართებათა ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია, ის ატმოსფერო, სადაც ინვრცობა შესაძლებლობები. აწსუ-ის ატმოსფერო ნამდვილად იყო ჩემთვის წარმატებისაკენ სავალი გზის ნათელი მხარე.

პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ განცდებს და სურვილებს. დაიმახსოვრე, ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო, შენ შეგიძლია იყო ის, ვინც მოგესურვება, რომ იყო. საკუთარ თავს შენ ჰქმნი და არანაირი მკვდარი ფაქტები!

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, როგორც საუნივერსიტეტო, ისე საერთაშორისო კონფერეცნიებში და პროექტებში. დღესაც მატყობინებენ კონფერენციების შესახებ და შეძლებისამებრ, ყოველთვის ვმონაწილეობ. გამოვყოფდი აკადემიური ხარისხის მქონე ლექტორატისაგან შემდგარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფერენციას აწსუ-ში და ამერიკანისტიკის კონფერენციას თსუ-ში, ამ კონფერენციებში 2016 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ.

მუდამ ვგრძნობდი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ლექტორატისაგან პატივისცემასა და მხარდაჭერას. ჩემი ამბიციური ხასიათისა და ხისტი პირდაპირობის მიუხედავად, არაერთი მეგობარი თუ უბრალოდ კარგი ნაცნობი შემძინა ჩვენმა უნივერსიტეტმა. არ შემიძლია არ გავიხსენო 2018 წელი, როცა ივნისის თვეში გამოვეცი ჩვენი ჟურნალი ,,აფინაჟის“ მეორე ნომერი, რომელიც აწსუ-ის რექტორატის ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა. დღეს მთელს საქართველოში ცნობილი ჟურნალის ,,აფინაჟის“ სათავეებთან ჩვენი უნივერსიტეტიც იდგა. აქვე აღვნიშნავ, იმდროინდელი მხარდაჭერისათვის მადლობას გადავუხდი და მოვიკითხავ ბატონებს: გიგა ღავთაძეს, შალვა კირთაძესა და კახა კუპატაძეს.

2019 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დავაარსე ქუთაისის ,,ფილოსოფოსთა კლუბი“, ყოველკვირეულ შეხვდრებს ვმართავდით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს განვიხილავდით, მოხსენებების წარდგენას ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან არაერთი მსმენელი ესწრებოდა. 20 შეხვედრამდე გავმართეთ და პანდემიის გამო შევჩერდით. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ქუთაისის ,,ფილოსოფოსთა კლუბში“ შეხვედრების გაგრძელებას. ამ საქმეშიც უნივერსიტეტი მხარს გვიჭერს.

უნივერსიტეტს ვურჩევდი, რომ სხვადასხვა დარგის პროფესიონალი მეცნიერ-თანამშრომლების ტექსტებისაგან შექმნილი წიგნი გამოიცეს წელიწადში ერთხელ, რომელიც იქნება დაახლოებით 250 გვერდი და რომელშიც დაიბეჭდება 70 ავტორამდე. ტირაჟი მინიმუმ – 300; ვურჩევდი, რომ შიგასაუნივერსიტეტო კონფერენციები დაიგეგმოს და განხორციელდეს – კვარტალში ერთხელ; ვურჩევდი, რომ სოციალური ქსელებით აქტიურად გარეკლამდეს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, სიახლეები, აქტივობები და ოფიციალური ვებგვერდი განახლდეს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას მივულოცავ ბატონ შალვა კირთაძეს, რომელიც კარგი ადამიანი და მეცნიერია. ვუსურვებ, რომ პირნათლად შეესრულებინოს მასზედ დაკისრებული მოვალეობა და, როგორც აქამდე, ღირსეულად ყოფილიყოს ჩვენი უნივერსიტეტის სამსახურში.