ლია თეგეტაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი სიყვარული დედამ ბავშვობიდანვე ჩამინერგა. ისიც ამ სასწავლებელში სწავლობდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ყოველთვის სიყვარულით საუბრობდა აქ გატარებული სტუდენტობის წლებზე. ვფიქრობ, ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა, რომ წლების შემდეგ მეც იგივე უნივერსიტეტი, იგივე ფაკულტეტი, თუმცა სხვა სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა ავირჩიე. აქვე აღვნიშნავ, რომ ასპინძიდან გახლავართ. იმერეთში საერთოდ არავინ გვყავს, მაგრამ ქუთაისური სივრცე ჩემთვის მეტად ახლობელი აღმოჩნდა. მე და რეზო გაბრიაძის ქუთაისმა შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს და ნაწილობრივ, ალბათ, ამ გარემოებამაც განაპირობა ჩემი საგანმანათლებლო ცხოვრების თანაკვეთა წერეთლის უნივერსიტეტთან.

ბავშვობის სამომავლო წარმოდგენებში ორი პროფესია ენაცვლებოდა ხოლმე ერთმანეთს – მსახიობობა და მასწავლებლობა. დამამთავრებელ კლასში, როგორც იქნა, მასწავლებლობა გადავწყვიტე, მაგრამ აქაც ვჭოჭმანობდი – ისტორია თუ ქართული, ვინაიდან ორივე საგანი ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია. საბოლოოდ ავირჩიე ქართული ენა და ლიტერატურა. დღეს უკვე მასწავლებელი მქვია. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ეს პროფესია? იმიტომ რომ, ბავშვები მიყვარს. ისინი ისეთი გულწრფელები არიან, რომ მათთან ურთიერთობა ჩემთვის სულის განწმენდაა; კიდევ იმიტომ რომ, ძალიან მომწონს, როცა ვინმეს რამეს ვასწავლი და რადგან  ლიტერატურა ანუ თავისუფლება ღმერთივით მიყვარს, გადავწყვიტე, ამ თავისუფლებაში სწორედ მომავალ თაობასთან ერთად ,,მეფრინა’’.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა მაგისტარტურაში გავაგრძელე და მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქართული ლიტერატურის ისტორიაში მოვიპოვე. მერე კი პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, კერძოდ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მიღებული განათლების შესაბამისად, დღეს დასაქმებული გახლავართ. ვმუშაობ ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საბაზო და საშუალო საფეხურზე.

შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა და სიყვარული შენი საქმისა – აი, ეს სიტყვებია ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი.

ახალგაზრდებს მივმართავ, რომ როდესაც პროფესიას აირჩევენ, აუცილებლად გულის ხმას მოუსმინონ. ახლა ანიმაცია ,,კოკო’’ გამახსენდა, რომლის მთავარი გმირი, მიგელი, მეწაღის ოჯახში იზრდება და უფროსების გადაწყვეტილებით, ისიც მეწაღე ,,უნდა’’ გამოვიდეს, მაგრამ ბიჭუნა მუსიკოსობაზე ოცნებობს. მან მიზანი დაისახა, რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გახდებოდა მუსიკოსი. საიქიოშიც კი იმოგზაურა და მიაღწია იმას, რომ გახდა მუსიკოსი და თვით მუსიკისმოძულე ოჯახსაც შეაყვარა ეს სფერო. ერთი სიტყვით, მთავარია უსმინო გულს, აღმოაჩინო შენი თავი, დაისახო მიზანი და იბრძოლო, იბრძოლო საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის და ცხოვრების ლაიტმოტივად აირჩიო ბარათაშვილის სიტყვები: ,,…და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება…’’

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს რაც შეეხება, ეს წლები სასიამოვნო მოგონებებად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ლიტერატურულ ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში.

უნივერსიტეტის მხრიდან ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, მუდმივად ვგრძნობდი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. რასაკვირველია, მცირედი გაურკვევლობა ოჯახებშიც კი იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ მთავარია, რომ ამ გაურკვევლობამ უარყოფითი კვალი არ დატოვოს ურთიერთობებში. დღემდე ძალიან ახლო და მეგობრული კავშირი მაქვს, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე გერმანული ენისა და ლიტერატურის ლექტორ-პროფესორებთან (მეორე სპეციალობად გერმანული ავირჩიე), რომლებმაც, უპირველესად, პიროვნულად გამზარდეს; მაჩვენეს, თუ როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს ,,ნამდვილი ადამიანი’’.

უნივერსიტეტს სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მეტ პროექტულ სწავლებასა და მეტ პრაქტიკულ აქტივობას ვურჩევდი (თეორიასთან ერთად). სტუდენტების მეტად გააქტიურებასა და ჩართვას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში (თუმცა ეს მოწოდება სხვა ფაკულტეტებს უფრო შეეხება).

ერთი სიტყვით, მთავარი სტუდენტთა მონდომება, სურვილი, იდეებია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი რომ მუდმივად ჯანსაღი აზრის დამცველი და სტუდენტთა რაციონალური შეხედულებების თანამოზიარე იყო და რჩება, ეს ზუსტად ვიცი და მწამს.