გვანცა დაშნიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავიდანვე, ძალიან ახლო და მშობლიური იყო ჩემთვის. საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ. მაღალ კლასებში, ხშირად ვესწრებოდით უნივერსიტეტში განხორციელებულ კონფერენციებს, რამდენიმე მათგანში თავად მივიღეთ მონაწილეობა. ამასთან ერთად, ჩემი და და მეგობრები აქტიური სტუდენტები იყვნენ. აბიტურიენტობის პერიოდში, მოვიხიბლე უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით. ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა უნივერსიტეტის ადგილმდებარეობამ, შესაბამისად, სწავლა დავიწყე მშობლიურ ქალაქში არსებულ უნივერსიტეტში.
ბავშობიდან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, მეგობრები მეუბნებიან, რომ წერაც კარგად გამომდის, შესაბამისად, გადავწყვიტე ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით მიმეღო განათლება. სტუდენტურმა წლებმა და უნივერსიტეტში გატარებულმა დრომ ცოდნასთან ერთად, დიდი გამოცდილება შემძინა. უნივერსიტეტში არსებულმა არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობებმა განსაზღვრა ჩემი ამჟამიდელი საქმიანობა. პირველივე კურსიდან, ჩავერთე სხვადასხვა პროექტებში. წლის ბოლოს კი, გავხდი სტუდენტური თვითმართველობის პარტნიორი, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. რამდენიმე თვეში, აღნიშნულ ორგანიზაციაში, დავიკავე გაცვლითი პროექტების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტის პოზიცია. ასევე, აქტიურად ვიყავი ჩართული, ქ. ქუთაისის მერიისა და უნივერსიტეტის საერთო პროექტებში. დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ლექტორის მხარდაჭერით, პირველ კურსზე, ჩამოვაყალიბეთ „მკითხველთა კლუბი“, სადაც ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს გვქონდა ყოველკვირეული შეკრების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, უნივერისტეტის მხარდაჭერით განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
ამჟამად, ვემაზადები სამაგისტრო გამოცდისთვის. მსურს, სწავლა ევროპული ლიტერატურის მიმართულებით გავაგრძელო და ამ მიმართულებით განვივითარო თვალსაწიერი. თანადროულად, ვმუშაობ, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში დასაქმების კონსულტანტის პოზიციაზე, სადაც სამუშაოს მაძიებლებს მხარს ვუჭერ კარიერულ ორიენტაციაში, განათელბისა და დასაქმების შესაძლებოლბების მიღებაში. რა თქმა უნდა, ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა განაპირობა. 18 წლის, ასაკში რთულია იპოვო პროფესია, რომელიც ჰარმონიული სამსახურის წინაპირობა იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი გვაძლევს, სწორად გამოვიყენოთ, რათა ვიპოვოთ საკუთარი პროფესია და თავი ვიგრძნოთ კომფორტულად. ვფიქრობ, ჩემი წარმატებაც სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა. ცოდნის მიღებასთან ერთად, მომეცა საშუალება განმევითარებინა წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვურჩევდი, რომ მიჰყვნენ გულის ხმას, არავითარ შემთახვევაში არ შეშინდნენ ცხოვრების ახალი ეტაპით, იყვნენ ღია სიახლებიისთვის და მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მიღებისა და პიროვნული განვითარების ყველა შესაძლებლობა. და თუ შესაძლებლობები არ მოგიკაკუნებთ, ააშენეთ მათთვის კარი, რადგან გამარჯვება მოდის გამოწვევებში შესაძლებლობების პოვნით.