ნინო დევიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დიდხანს არ მიფიქრია, რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში გავაგრძელებდი სწავლას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ძალიან ბევრი მსმენოდა მშობლებისაგან, ჩემი უფროსი მეგობრებისაგან… ვიცოდი იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც მას გააჩნდა. აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო, რომელიც არჩევანის გაკეთებისას გავითვალისწინე. სტუდენტობის წლებმა დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია. ბევრს ვკითხულობდი, ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმებს. მჯეროდა, რომ ეს იყო ამოუწურავი სამყარო, რომელში მოგზაურობაც არასოდეს იქნებოდა მოსაწყენი, ერთფეროვანი. სკოლის დასრულებისას მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,  რომ ისტორიკოსი გავხდებოდი. არასდროს მინანია ჩემი არჩევანი.

2021 წელს სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში. სამწუხაროდ, ოჯახური პირობების გამო მომიხდა აკადემიური წლის აღება. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას, როგორც ამის შესაძლებლობა მომეცემა.

2020 წლიდან ვმუშაობ მიღებული განათლების შესაბამისად.

ვმუშაობ სკოლა „მერმისში“. ვარ უფროსი მასწავლებელი.

ჩემი აზრით, ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველია საკუთარი პროფესიისა და ბავშვების სიყვარული. მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, მაძლევს ძალას, რომ არასოდეს შევწყვიტო საკუთარ თავზე მუშაობა, განვვითარდე… მასწავლებლობა მაძლევს საშუალებას, ვასწავლო ის, რაც ბავშვობიდან მიყვარს.

ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არასწორ პროფესიას ირჩევენ, საკუთარ თავს არ უსმენენ. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია და ყველა მათგანს სჭირდება გულშემატკივარი და მოამაგე. ახალგაზრებს ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუსმინონ, კარგად დაფიქრდნენ, გაიაზრონ, რა არის მათი მოწოდება.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვგრძნობდი სრულ მხარდაჭერას უნივერსიტეტის მხრიდან, რაც დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის.