ვერა წერეთელი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი არჩევანი, საუნივერსიტეტო განათლება აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმეღო, განაპირობა ორმა ფაქტორმა. პირველი, სუბიექტური მიზეზი იყო: ჩემმა ბებია -ბაბუებმა, რომლებიც ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულები იყვნენ ბავშვობიდან დიდი სიყვარული ჩამინერგეს მის მიმართ, თავიანთი სტუდენტური ისტორიებით. ისინი   უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებდნენ თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებსა და კურსელებს. ამ ისტორიებში ფიგურირებდნენ ისეთი კორიფეები, როგორიცაა: ნიკო კეცხოველი, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე , ივანე ბერიტაშვილი, ლადო ასათიანი (რომელიც, ჩემი ბაბუის კურსელი და საუკეთესო მეგობარი იყო) და სხვა.   მეორე, ობიექტური მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ იმ დროისათვის საქართველოში ყველაზე რეიტინგული იყო ჩემთვის სასურველი ფაკულტეტი და  სპეციალობა ამ უნივერსიტეტში და იგი დღესაც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთა რანჟირებაში.

პროფესიის არჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მსურდა უცხო ენებისა და ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა.

საბაკალავრო პროგრამაზე ,,ინგლისური ენა და ლიტერატურა’’ სწავლის პერიოდში ჩემი ლექტორის , პროფ. ნინო ჩიხლაძის დამსახურებით, დიდად დავინტერესდი კლასიკური ფილოლოგიით.  მივხვდი, რომ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სიღრმისეულად შესწავლაში კლასიკური ენები და ლიტერატურა დიდ სამსახურს გამიწევდა. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, სწავლა განვაგრძე სამაგისტრო პროგრამაზე ,,კლასიკური ფილოლოგია’’, სადაც საფუძვლიანად შევისწავლე ანტიკური ლიტერატურა და კლასიკური ენები. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას გამიჩნდა სურვილი სამეცნიერო კვლევა კვლავ გამეგრძელებინა და სადოქტორო პროგრამა ,,კლასიკური ფილოლოგია’’ შევარჩიე. სამწლიანი მუშაობის შედეგად, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და მომენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი (2013 წელი).

მიხარია, რომ ვარ დასაქმებული ჩემი საუნივერსიტეტო განათლების შესაბამისად.

ამჟამად ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი გახდა საუნივერსიტეტო განათლება და ცოდნისა და გამოცდილების მიღებისაკენ მუდმივი სწრაფვა.

ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ აირჩიონ პროფესია ,ვურჩევდი,  სპეციალობა შეარჩიონ  თავიანთი ნიჭის მიხედვით და კონსულტაცია მიიღონ კომპეტენტური პირებისაგან. ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, მუდმივად იყვნენ ძიებაში და ეფექტურად გამოიყენონ ინტერნეტ-რესურსები.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეგულარულად ვიღებდი მონაწილეობას ადგილობრივ, ეროვნულ  თუ საერთაშორისო კონფერენციებში. სწავლის სამივე საფეხურზე ვსარგებლობდი სასწავლო გრანტით და ვიღებდი საუნივერსიტეტო სტიპენდიას, რაც დიდი ფინანსური მხარდაჭერა იყო ჩემი ოჯახისათვის.

ყოველ ეტაპზე გვრძნობდი უნივერსიტეტის თანადგომას, ნებისმიერ იდეის არსებობის შემთხვევაში, შემეძლო მიმემართა ადმინისტრაციისათვის და მუდმივად ვიღებდი მათგან დადებით პასუხს.

უნივერსიტეტს, სწავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვურჩევდი უცხოურ  უნივერსიტეტებთან კავშირების გაძლიერებას. ვისურვებდი, სტუდენტთა და თანამშრომელთა უფრო ხშირ ვიზიტს საზღვარგარეთულ უნივერსიტეტებში.