ბექა ძოწენიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მდიდარი წარსულის, საქმიანი აწმყოსი და პროგრესზე ორიენტირებული მომავლის გულწრფელი სინთეზის მიზეზიც არის და – შედეგის მიზეზიც. გადაუჭარბებლად, ისტორიულად უძველესი და სწავლების გამორჩეული ხარისხით საგანმანათლებლო სივრცე, სადაც არაერთი გამოჩენილი ადამიანი სწავლობდა და ასწავლიდა, ასწავლის და სწავლობს… აქედან გამომდინარე, არჩევანი რომ ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე, არც არის გასაკვირი.
2018 წელს მოვიპოვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში. ამავე წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე წარჩინებით დავასრულე შესაბამისი აკადემიური ხარისხით. 2022 წლიდან ვფლობ BLSS ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სამართალში.
2022 წელსვე წარმატებით ჩავირიცხე NGU-ს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სხვადასხვა წლებში ვსწავლობდი:
• საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) – კონფლიქტის ფილოსოფიას;
• კონრად ადენაუერის პოლიტიკური განათლების აკადემიაში;
• The Wisdom Academy – ფილოსოფიას;
• საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში;
• სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში;
• EECMD დემოკრატიის საერთაშორისო სკოლაში;
• CIPPD მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის პროგრამაში;
• ბერკლის უნივერსიტეტისა და ფილანტროპიის უნივერსიტეტის ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე „ადვოკატირება და ცვლილებების თეორიის შექმნა“;
გავლილი მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიცირებული პროფესიული სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულიად დამიფინანსა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა; მოგვიანებით, EECMD-ის, USAID-ისა და EPRC-ის ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე, სახელწოდებით DRIVE Democracy.
მონაწილეობა მაქვს მიღებული 300-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ ტრეინინგში, სასწავლო კურსსა და კონფერენციაში. მათ შორის გამოვყოფდი, ჰარვარდის უნივერსიტეტის “ადამიანის უფლებების თეორიის და ფილოსოფიის“ სასწავლო ტრეინინგს.
აკადემიური საქმიანობა ჩემი პროფესიული განვითარების უწყვეტობის ნაწილად მიმაჩნია. ამდენად, მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო ლექციები ფილოსოფიასა და სამართალში.
ამჟამად, ვარ მშობლიური უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი, UG წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში. თსუ-ს მოწვეული ლექტორი. დავით აღმაშენებლის აკადემიის Honorary Professor. EECMD კურსდამთავრებულთა ასოციაციის მმართველი საბჭოს/ბორდის წევრი. GIP განათლების პოლიტიკისა და ახალგაზრდების დასაქმების სამუშაო ჯგუფის წევრი. მაქვს საქმიანი ურთიერთობა ქვეყნის მასშტაბით და მის გარეთ დარგის წამყვან მეცნიერებთან და ვმონაწილეობ უმაღლესი ხარისხსის განათლების მართვისა და, ზოგადად, ცოდნის გავრცელების პროცესში.

ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში, განსაკუთრებით ღირებულია სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებსა და დირექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვადასხვა სასწავლო და კომერციულ ორგანიზაციებთან კოლაბორაციით , ვახორციელებ სასწავლო მოდულებს და მასტერკლასებს. ასობით ჩატარებულ ღონისძიებაში – ბოლო, ყველაზე მასშტაბური და თვისობრივად ახალი ტიპის სასწავლო პროდუქტი იყო “სამართლის ფილოსოფიის”, „პროფესიული ორიენტაციის ფილოსოფიის“ და “მედია სამართლის“ სერტიფიცირებული პროგრამები, რომლითაც სკოლის მოსწავლეები გადავამზადე.
ვარ წიგნების, დამხმარე სახელმძღვანელოების და მონოგრაფიების ავტორი და რედაქტორი. აქტიურად ვწერ სტატიებსა და ბლოგებს.
მაქვს კვლევით და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება. გამოვარჩევდი, პოლიციის მიმართ ნდობის კვლევის ნაშრომს, რომელიც განვახორციელე პროექტის „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ეგიდით და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
თანაავტორით მოვამზადე ათობით რეგიონული განვითარების გზამკვლევი და მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტები, საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკითხების ანალიზსა და მართვის სტრატეგიაში. პროექტი განვახორციელე EECMD ჩართულობით, USAID ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.
დღევანდელი ბექას ინტერესები და მისწრაფებები ძალიან განსხვავდება იმ ბექასგან, რომელიც 12 წლის მანძილზე დაკავებული იყო აქტიური სპორტით და ჰქონდა მიღწევებით. გარდამტეხი აღმოჩნდა პროფესიული არჩევანი, რომელიც განაპირობა სპეციალობაზე არსებულმა მაღალმა კონკურენციამ, რაც ჩემთვის საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც შესაძლებლობების გადამოწმების საშუალებას მაძლევდა. საკუთარი თავის გამოწვევა წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, უნივერსიტეტში სწავლის პროცესში, აღმოვაჩინე, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად მჭირდებოდა არაფორმალური განათლების მიღება, დამატებითი უნარ-ჩვევების დაუფლება.
განათლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთ სენტენციაში თავსდება, კერძოდ: „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“. ყველა მიღებული ცოდნის საფუძველი უნდა იყოს შემდგომში მისი რეალიზების სურვილი. ზოგადად, მიმაჩნია რომ, სამყაროში არსებული ყველა პრობლემის სათავე არის ან გაუნათლებლობა ან განათლების რეგრესი. ადამიანს უნდა რომ იპოვოს რაღაც საფუძველი, რომ დადგეს მყარად, ეს იქნება ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური თუ სხვა. მას რაიმემ უნდა მისცეს საფუძველი, რადგან ძალიან ძნელია ჰაერში ყოფნა. ჰაიდეგერი, სწორედ ამას აღნიშნავს, როდესაც ყოფიერების ნაპრალში გაძლებაზე აპელირებს. ჩემი აზრით, განათლება არის სწორედ ასეთი საფუძველი, რომელიც ადამიანს აძლევს სიმყარეს და ეხმარება ყოფიერებასთან გამკლავებაში.
მოსწავლეებსა ვურჩევდი მაქსიმალურად პრაგმატულად მიუდგნენ საკუთარ არჩევანს და მისი განხორციელებისათვის, კვალიფიციურ სპეციალსტად ჩამოყალიბებისათვის იმუშაონ 24/7-ზე. ამასთან, მიუხედავად სპეციალობისა და დარგისა, იქნება ეს ტურიზმი თუ ბიოლოგია, ყველა მოსწავლეს ვეტყოდი იკითხონ ბევრი, ძალიან ბევრი და განსაკუთრებით კი ფილოსოფიური ლიტერატურა.
საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასი დღე – ევროკავშირის პროექტში გამარჯვებაა, რითაც უნივერსიტეტის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გავიტანე. სიხარულით ვიხსენებ კონკურსში გამარჯვებისათვის უნივერსიტეტის მხრიდან გადმოცემულ ერთობლივ მადლობის სიგელს, რომელსაც ხელს აწერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი, უნივერსიტეტის რექტორი.
უნივერსიტეტს ვუსურვებდი საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილის შენარჩუნებას და მეტ საერთაშორისო აღიარებას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურ თანამშრომლობას და ერთობლივ წარმატებას, რომელიც მას ისედაც არ აკლია.
ვფიქრობ და მწამს – 2023 წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გამორჩეულად განსაკუთრებული აღმავლობისა და წარმატებების დასაწყისის საწინდარია.
Vivat Academia! Vivant Professores!