ლანა ხაბულიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გააზრებულად ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ თეთრიწყაროში და ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა თბილისში სწავლა, მე მაინც არჩევანი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტზე შევაჩერე, პირადი სურვილის გარდა ეს ნაბიჯი გადამადგმევინა ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციამ.

მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის დასაწყისსაც ჩემს ბავშვობაში ვპოულობ. როცა ჩემი მეხსიერების სიღრმეებს ვათვალიერებ, ფსკერზე მასწავლებლობაზე ოცნებას ვპოულობ – შეიძლება დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი დღევანდელობა რეალობად ქცეული ბავშვობის დროინდელი სურვილებია და ახლა ამის გაცნობიერება არის უაღრესად სასიამოვნო. ვთვლიდი და ვთვლი, რომ სამყაროს უკეთესობის შეცვლისაკენ საუკეთესო გზა განათლების გავრცელებაა, რაც სწორედ მასწავლებლის ამოცანაა. რა უნდა იყოს უფრო შთამაგონებელი, ვიდრე ის, რომ გაქვს ცოდნა, რომელიც შეგიძლია გაავრცელო და ხედავდე როგორ ხდებიან შენი მოსწავლეები წარმატებულები, როგორ ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ,  სწავლა გავაგრძელე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში განათათლების ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ზოგადი განათლების მიმართულებით. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მაგისტრატურაც წერეთელში გამეგრძელებინა, მაგრამ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი ჩემს მშობლიურ რაიონში, დავიწყე მუშაობა და ფიზიკურად ვეღარ შევძლებდი აწსუ-ში  სწავლის გაგრძელებას.

ამჟამად ვმუშაობ სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ჭივჭავის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად, ასევე ვმუშაობ საქ. პარლამენტში( საქართველოს პარლამენტის-მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში).

“შესაძლებლობების გაზიარება- წარმატების მთავარი წინაპირობაა”.  წარმატებული კარიერა აძლევს ადამიანს მატერიალურ კეთილდღეობას, მისი უმაღლესი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, როგორიცაა თვითრეალიზაციის, პატივისცემისა და თავმოყვარეობის მოთხოვნილება, წარმატება და ძალაუფლება, ბედის სივრცის განვითარებისა და გაფართოების საჭიროება.უნივერსიტეტის მხრიდან ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, მუდმივად ვგრძნობდი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ლექტორებისაგან. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად განვლო ამ 4 წელმა.

ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვურჩევ გულისყურით მოუსმინონ საკუთარ „მე“-ს. სწორად გაანალიზონ არჩეული პროფესიის არსი და იზრუნონ მიზანმიმართულად განახორციელონ განვითარებისკენ მიმავალი გზა. ირწმუნონ საკუთარი ძალების, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და განვითარება.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა შესაბამის აქტივობაში.

აბსოლუტური გულწრფელობით ვიტყვი,რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის მზადაა მოუსმინოს სტუდენტებს, გაიზიაროს მათი არგუმენტირებული მოსაზრებები თუ ნოვატორული იდეები და უზრუნველყოს მათი სისრულეში მოყვანა საქმიანი დისკუსიის შედეგად.

უნივერსიტეტისგან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას, როგორც წარმატებულ სტუდენტს, მქონდა უნივერსიტეტის სტიპენდია. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს , რექტორატს, აკადემიურ და ტექნიკურ პერსონალს.